მთავარი,სიახლეები

„ეს არის სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება“ – ევროკავშირის განცხადება

29.08.2025
„ეს არის სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება“ – ევროკავშირის განცხადება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს პრეს-სპიკერის განცხადებას ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

„ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი – ფინანსებზე წვდომის წინასწარ განზრახული აღკვეთის საშუალებით გაგუდვა, რომელიც მიზნად განსხვავებული აზრის ჩახშობას და დასჯას ისახავს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენი.

წლების განმავლობაში, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რასაც მისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უთხრის ძირს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 აგვისტოს გავრცელდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: