„დრო ჯერ კიდევ არის, ბრძოლა ბოლომდე“,- მიმართა დასკვნითი სიტყვის დროს მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზს.
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს, დღის 2 საათზე გამოაცხადებს.
მოქალაქეები სიმრავლის გამო დღესაც სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი სასამართლოს ფოიეში დარჩა. დარბაზში და მზიამდეც პერიოდულად აღწევდა შეძახილები ქუჩიდან: „თავისუფლება მზიას!“
სხდომის დასაწყისშივე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის მხედველობის შესახებ ცნობა გადასცა მოსამართლეს: კიდევ უფრო გაუარესებულია მდგომარეობა, ცალ თვალში საერთოდ აღარ აქვს მხედველობა და მეორე თვალში, სათვალით კორექტირების შემთხვევაში მხოლოდ 30% -ით შეუძლია დანახვაო.
მზია ამაღლობელს ფურცელზე ჩამოეწერა რამდენიმე საკითხი წინასწარ და მშვიდად შეუდგა მის წაკითხვას. მან სიტყვა ნინო დათაშვილზე საუბრით დაიწყო:
„როცა გავიგე, რომ ნინოს ფსიქიატრიულში უპირებდნენ გამოკეტვას, მე სრულიად ჩამოვიშალე… მჯერა, ნინო ამ გამოწვევას გაუმკლავდება და რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.
ზოგჯერ მეც მეცრემლება თვალები და ხმაში ბზარი მიჩნდება, რას ფიქრობთ, ჩემი ეს მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ იმსახურებს?”- პროკურორებს გამოხედა მზია ამაღლობელმა და ერთ-ერთ წინა სხდომაზე მის მიერვე გაჟღერებული ფრაზა გაიხსენა: სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესი, ჩემს საქმეზე ვეღარ ვკონცენტრირდებიო…
„ასეა ახლაც,“- დასძინა მზია ამაღლობელმა.
შემდეგ მზია ამაღლობელი პროკურორებს მიუბრუნდა,რომ არა ნინო დათაშვილის ეს სასტიკი ამბავი, თქვენთვის მინდოდა ვრცლად მეთქვა სოლიდარობის მნიშვნელობასა და რუსული კანონის მავნებლობაზეო.
უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი პროკურორების მხრიდან საპროცესო შეთანხმების შეთავაზებასაც შეეხო:
„ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია, შემოთავაზებაც ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის… ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესოს, რადგან რაც მოხდა, ეს არ იყო თავდასხმა – სილის გაწვნის თავდასხმად შეფასება ბოროტებაა, ეს რა სამართალია, არ ვიცი.
იმ პატარა გოგოს ტირილს ვერასდროს დავივიწყებ საკანში რომ მესმოდა, დედა მენატრებაო, მას საპროცესო გაუფორმეს და ეს ძალიან გამიხარდა…
ჩემს შემთხვევაში ასე არ არის,“- ვიდრე მორიგ ფურცელზე გადავიდოდა, წყალი მოსვა მზია ამაღლობელმა და არც ის საკითხი გამორჩა, 10-მა გამომძიებელმა გამოძიება რომ მისთვის კითხვის დაუსმელად დაასრულა.
„მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩატარებულიყო და პროკურატურას ირაკლი დგებუაძის ინტერესი არ გაეტარებინა, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართლოში. სისხლით დაგიჭერო, დამპირდა ირაკლი დგებუაძე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა…
ეს განაჩენი არ იქნება მხოლოდ ჩემი სასჯელი, ეს იქნება თქვენი პროფესიული სასჯელიც“ – პროკურორებს და მისამართლეს შეხედა მზია ამაღლობელმა.
წინა რიგის სკამს ჩამოეყრდნო ხელით მზია ამაღლობელის ძმა, დარბაზს სრული დუმილით ეტყობოდა ღელვა.
შემდეგ მზია ამაღლობელმა „ოცნების“ პრემიერი ახსენა, რომელმაც სხვა ჩინოვნიკებთან ერთად, მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაერთხელ დაარღვია.
„…თითქოს გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, ფულიც ავიღე თურმე და სილის გაწვნა ტრენინგზე მასწავლეს,“- გაეღიმა მზია ამაღლობელს და რამდენი ნაბიჯი ისევ დარბაზისკენ გადმოდგა იმ ვიწრო და შემოსაზღვრულ სივრცეში, რაც ბრალდებულებისთვისაა განკუთვნილი.
რაც შეეხება თავდასხმის ბრალდებას, მზია ამაღლობელმა რეალური თავდასხმის რამდენიმე მაგალითი გაიხსენა: მაგალითად, თავდასხმა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე… თავდასხმის ეს შემთხვევები დღემდე არ გამოუძიებია პროკურატურას და არავინ დაუსჯია.
„ეს იყო თავდასხმა. ახალგაზრდებს თავ-პირი დაულეწეთ და მერე მარშუტკებში სცემეთ, არც ეს გამოიძიეთ“,- ისევ პროკურორების პირისპირ გაჩერდა მზია ამაღლობელი და პაუზით აგრძნობინა დარბაზს, გამოძიებას რომ პასუხი არ აქვს.
შემდეგ მზია ამაღლობელმა მოსამართლეს სთხოვა, კადრი არ არის, ამიტომაც იქნებ წარმოიდგინოთ, როგორ ვიდექი აქციაზე მშვიდად და მოულოდნელად პოლიციელებმა ალყაში მოგვაქციესო, მერე წამაქციეს და წიხლქვეშ გამიგდესო.
„კიდევ ერთი კადრი წარმოიდგინეთ,“- ფურცლიდან ამოხედა მოსამართლეს მზია ამაღლობელმა და ისე განაგრძო:
„ფეხშიშველი შევყავარ პოლიციელებს განყოფილებაში, ოთახში შემოვარდება პირი და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მიპირებს… სხვა პირებმა ამარიდეს ფიზიკურ თავდასხმას, მათი სახელები სამწუხაროდ არ ვიცი…
მისი ყოველი მომდევნო შემოვარდნა იყო უფრო აუტანელი, ვიდრე პირველი. მორიგი შემოვარდნის დროს ის სახეში მაფურთხებს და სხვებს ეუბნება, ჩაიფსას, საპირფარეშოში არ გაუშვათ, არც წყალი მიაწოდოთ…
ეს პირი ე.წ. დაზარალებული ირაკლი დგებუაძეა. ძალიან მინდა, რომ ეს კადრად წარმოიდგინოთ“, – უთხრა მოსამართლეს მზია ამაღლობელმა.
მოსამართლე მზია ამაღლობელს თვალს არ აშორებს. პროკურორებიც ბრალდებულის კუთხისკენ იმზირებიან.
დარბაზში ისევ სრული სიჩუმეა, პერიოდულად ისმის ღრმად ამოსუნთქვის ხმა.
„მესამე კადრის წარმოდგენა არ გჭირდებათ, ეს კადრი გაქვთ – 44-წამიანი და თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ ამ სილის გაწვნას: თავდასხმას, თუ შეურაცხყოფას, იმპულსურ მოქმედებას.
გთხოვთ, არ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ, არც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიიღოთ მხედველობაში,“- კატეგორიულობა დაეტყო ხმაში მზია ამაღლობელს და პროკურორ თორნიკე გოგეშვილს შეახსენა დასკვნით სიტყვაში ნათქვამი: მერე რაა, რომ ქალია ბრალდებული, სხვა დროს კაცმა რომ გაარტყას სილა ვინმეს, რა ვქნათო?!
„რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ, მე თავს გამარჯვებულად მივიჩნევ – ამ განწყობისთვის, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადამცველებს, ისინი ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას და შეძლეს, რომ ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა“ – აღნიშნა მზია ამაღლობელმა და შემდეგ საელჩოების წარმომადგენლებს, ელჩებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაუხადა მადლობა.
„მათი ჩემს პროცესზე დასწრება არასდროს აღმიქვამს, როგორც პერსონალურ მხარდაჭერა. ისინი აქ საქართველოს ევროპული მომავლის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან, რომ ჩვენ არ ვართ მარტო დიქტატურის წინააღმდეგ…“- აღნიშნა მზია ამაღლობელმა და ბოლოს თავის კოლეგებს, ოჯახის წევრებსაც მიმართა:
„არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ, მე თქვენი მჯერა!
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“- დაასრულა მზია ამაღლობელმა.
თვალცრემლიანი მოქალაქეები დარბაზში დიდხანს უკრავდა ტაშს მზია ამაღლობელს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 6 აგვისტოს, 14 საათზე გამოაცხადებს.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.
მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






