დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელიც ამ დრომდე [18:30] გრძელდება.
დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს.
ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.
მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალურად განიხილავს მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევასა და ნიუანსს.
უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი უკვე 202 დღეა უკანონო პატიმარია. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
____________
ფოტოზე: მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან