„ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მათ შორის ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდება გადარჩენა და სიცოცხლე და ხვალ მათთვის გვიანი იქნება.
მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წევრის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია.
ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო სამ დღეში, მინიმუმ სამი ადამიანი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ვიზალიბერალიზაცია რომ არა, ეს ადამიანები ვერ ჩამოვლენ ევროპაში, საფრანგეთში და ვერ გადაირჩენენ სიცოცხლეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი ზაზა ფუტკარაძე, რომელიც 16 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და ქართველებს მკურნალობაში ეხმარება.
ზაზა ფუტკარაძე საფრანგეთის კლინიკური კვლევების ცენტრის თანამშრომელი და ჯანდაცვის სპეციალისტია. ასევე არის ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ ხელმძღვანელი.
„ძალიან ბევრ ქართველ პაციენტთან მაქვს შეხება. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ქართველი ჩამოდიოდა და ახლაც ჩამოდის ყოველდღიურად იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. ბევრი მათგანი არის უკიდურესად მძიმე სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობაში, ბევრ მათგანს აქვს ძალიან მძიმე ოჯახური ისტორია, ბევრი არის ძალადობის მსხვერპლი ქალი. გამორბიან პირდაპირი მნიშვნელობით, თავშესაფარს ნახულობენ საფრანგეთში, იმიტომ, რომ ბევრი მათგანისთვის ეს არის ერთადერთი ხსნა.
რომ არა ვიზალიბერალიზაცია, ეს ადამიანები უბრალოდ ვერ მოხვდებოდნენ საფრანგეთში, ზოგადად ევროპაში.

ზაზა ფუტკარაძე, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი
ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არიან უცხოელები, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ ფინანსური საშუალებები, ევროპა უწვდის ხელს. ისინი პოულობენ აქ თავშესაფარსა და სიმშვიდეს.
ახლაც, გუშინ წინ დამიკავშირდა ერთი საავადმყოფოს სოციალური სამსახური, ძალადობის მსხვერპლი ქალია ჩამოსული შვილებთან ერთად და აქ ცდილობს, რომ გადარჩეს.
ვიზალიბერალიზაცია რომ არ გვქონდეს, არ ვიცი ასეთი ადამიანები სად იქნებოდნენ, ან როგორ იქნებოდნენ“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
მისი თქმით, საფრანგეთში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანებიც, რომლებიც დაუცველად გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში თავს.
„ბევრ მათგანს სხვადასხვა ფაქტორის გამო უჭირს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რადგან თუ რაიმეს იტყვიან ან გააკეთებენ, საზოგადოება ისევ მათ ადანაშაულებს, ამიტომ ცდილობენ უცხო ქვეყანაში თავის გადარჩენას.
ვიზალიბერალიზაცია ასევე არის საშუალება ტურიზმისთვის. ბევრი ქართველი ჩამოვიდა და ნახა, რომ სხვაგანაც არანაკლები ბუნებაა, არანაკლები შესაძლებლობაა, ხშირად სტიგმატიზებულია ევროპა და ბევრს ჰგონია, რომ აქ მარტო გეები ცხოვრობენ.
ნახეს, რომ მოწესრიგებულია ქვეყნები, სადაც იცავენ კანონს და კანონებზე დაფუძნებული ურთიერთობებია და არა ის, რომ თურმე კაცები „თხოვდებიან“ ევროპაში და ასე შემდეგ.
პირველ რიგში ქართველ კაცებს არ უნდა აკადრო ეს. ყველა ადამიანი ის ვართ სხვა ქვეყანაშიც, რაც ჩვენივე ქვეყანაში. ყვავის ამბავია რა, სხვაგან თუ გადავიდე თეთრ კვერცხს დავდებო – ასეთი გამოთქმა არსებობს. ასე არ არის.
მეორე მხრივ, სექსუალური უმცირესობები ყველა ქვეყანაშია. მე, მაგალითად, ევროპაში 16 წელია ვცხოვრობ და არასდროს არ შევუწუხებივარ სექსუალურად განსხვავებულ ადამიანებს. და ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ბევრი არიან ასეთი ადამიანები ევროპაში.
განსხვავება ისაა, რომ აქ, ზოგადად, ძალიან ცოტა თუ ცხოვრობს ორმაგი ცხოვრებით, აქ უფრო მეტად გამოხატავენ იმას, როგორებიც არიან. ჩვენ, უბრალოდ, ვმალავთ ინფორმაციას და ეს ქმნის პრობლემას.
სხვებს, ჩვენგან განსხვავებით არ აქვთ სტიგმები და აქ ყველა განსხვავებული ადამიანი რეალიზებულია, მუშაობს, არ ეშინია გარემოს, ჩვეულებრივად ინტეგრირებული არიან.
ამიტომ, ასეთი ცუდი პროპაგანდა, პირველ რიგში, მავნეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი წარსულისთვის, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრი ვყოფილიყავით, ცივილიზებულ ადამიანებთან ერთად გვეცხოვრა. იმიტომ ჩამოვდივართ სასწავლებლად, სამუშაოდ, განვითარებისთვის, თუნდაც ტურიზმისთვის, იმიტომ მოგვიწევს აქეთ გული, რომ ჩვენზე კარგთან, ჩვენზე განვითარებულთან გვქონდეს კავშირი.
დღეს, როცა ევროპასთან ამ ურთიერთობებს აზიანებ, ძალიან დიდი დანაშაულია წარსულთანაც და მომავლის წინაშეც. გავა ეს პერიოდი, გადალახავს ჩვენი საზოგადოება ამ კრიზისსაც და მომავალი თაობა ძალიან ცუდად შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას, რომ დრო დავკარგეთ, რომ ხელოვნური ბარიერები შევქმენით იმის ნაცვლად, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ ცივილიზაციასთან“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია საფრანგეთში ცხოვრობს, ზაზა ფუტკარაძე არ წყვეტს კავშირს საქართველოსთან და სტუმრადაც ჩამოდის. ამიტომ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მისთვის ნაცნობია.
„ახლახან ვიყავი საქართველოში, მაქვს კონტაქტები ახლობლებთან და ვიცი რა ხდება ქვეყანაში. ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთთან მარტო პირისპირ დგომა, რადგან რუსეთს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენი ისტორიაც ძალიან ბევრს ლაპარაკობს.
2008 წლის ომშიც ვარ ნამყოფი და ეს ყველაფერი კარგად ვიცი. ამიტომ, ისევ რუსულ ორბიტაზე, რუსულ ჭაობში დაბრუნება ჩვენი მომავლისთვის არ იქნება კარგი. ერთადერთი არჩევანი საქართველოს უნდა ჰქონდეს განვითარებისკენ, სხვა არჩევანი ჩვენნაირ პატარა ქვეყანას უბრალოდ არ აქვს.
ფეხბურთი ყველას უყვარს, სპორტი ზოგადად. ბოლოს თამაშები როცა იყო გერმანიაში, მე, პირადად, ამაყი ვიყავი, როცა ვხედავდი ამდენ ქართველს ერთ სტადიონზე, ერთ ქალაქში. ვიზალიბერალიზაცია რომ არ ყოფილიყო, ამდენი ქართველი უბრალოდ ვერ მოახერხებდა ევროპაში ჩამოსვლას და ეს შესაძლებელი გახადა მხოლოდ იმან, რომ ჩვენ ახლა თავისუფალი მიმოსვლა გვაქვს ევროპასთან.
ეს სიკეთე ჩანს ყველა სფეროში – სპორტში, ტექნოლოგიებში, მეცნიერებაშიც და ყველგან გვჭირდება ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი.
სტუდენტებისთვისაც არის გაცვლითი პროგრამები და როცა ჩამოდიან სამუშაოდ, მათ აქვთ ხელფასიც და პროფესიული განვითარების შესაძლებლობაც. ამიტომ ევროპასთან გზების ჩაკეტვა ზიანს მოუტანს ახალგაზრდებსაც და მთელ ქვეყანას“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მტრული რიტორიკა აზიანებს.
ზაზა ფუტკარაძის თქმით, საფრანგეთში არაერთმა ასოციაციამ გამოთქვა საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელების სურვილი, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებების შემდეგ, მათ უბრალოდ დაკარგეს მოტივაცია.
„დღეს 2-3 ასოციაციასთან მქონდა საუბარი, ძალიან სერიოზული პროგრამები და პროექტები ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით, მაგალითად მოხუცთა სახლის და შშმ ბავშვთა სერვისების მხრივ. ეს ყველაფერი მათი ენთუზიაზმით უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ამ პოლიტიკის გამო შეეცვალათ გეგმები.
კეთილი ადამიანები ცდილობენ, რაღაცები გააკეთონ ჩვენს ქვეყანაში და ასეთ ადამიანებს ეუბნები, რომ აგენტი ხარ, ის აღარ დაგეხმარება. დასახმარებლის მეტი რა არის, წავა და სხვა ქვეყანაში გააკეთებს.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასრულდება, რადგან ისეთი დიქტატორებიც კი, რომლებსაც ეგონათ, რომ ათწლეულები იქნებოდნენ ხელისუფლებაში, ისინიც გაუშვიათ ხომ?
„ოცნების“ წარმომადგენლების უმეტესობა ძალიან ახალგაზრდაა და მე, პირადად, მაგრად მეცოდებიან, რადგან როცა დაასრულებენ პოლიტიკაში ყოფნას, როგორ იცხოვრებენ იმ წარსულით, იმ პოლიტიკით, რომელსაც დღეს აწარმოებენ?
ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს არასწორად იქცევიან და არასწორ რაღაცებს აკეთებენ, ხომ მოუწევთ ხვალ პირისპირ ყოფნა ქართულ საზოგადოებასთან. არ იქნება ეს მათთვის კარგი.
ერთ დროს მეც მეგონა, რომ აი, მილიარდერია კაცი, მოვა რაღაც კარგს გააკეთებს, მაგრამ ასე არ მოხდა. კოვიდის და უკრაინის ომის შემდეგ კი ძალიან რადიკალური იყო მათი ცვლილება.
ყველაფერი ანაზღაურებადია, ზოგადად, და შეიძლება ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც ეშველოს, მაგრამ არაფერი ეშველებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდებათ გადარჩენა და სიცოცხლე. ხვალ მათთვის გვიანი იქნება.
მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წვერის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია.
ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო სამ დღეში, მინიმუმ სამი ადამიანი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ვიზალიბერალიზაცია რომ არა, ეს ადამიანები ვერ ჩამოვლენ ევროპაში, საფრანგეთში და ვერ გადაირჩენენ სიცოცხლეს. ასეთი ადამიანი არის უამრავი, ვისაც დღეს სჭირდება დახმარება.
ისინი, ვინც 5-10 წლის წინ ჩამოვიდნენ გადაწურული იმედებით, დღეს ბედნიერად არიან. დაცული არიან და ინტეგრირდნენ კიდეც და ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე.
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2017 წელს მიიღო. თუმცა ბოლო წლებში ანტიევროპული რიტორიკისა და „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის გამო, შესაძლოა ევროპამ საქართველოსთან თავისუფალი მიმოსვლა შეაჩეროს.
ევროკავშირი „ოცნების“ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციით განსაზღვრული პირობების შესრულებას სთხოვს. ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ მიცემული. თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს და იზოლაციის რისკის წინაშე აყენებს საქართველოს.






