მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად ნაპირდამცავ ნაგებობას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გზშ-ს გარეშე ააშენებს.

„ნაპირდაცვითი [ნაპირსამაგრი] სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 27 მარტის ბრძანებაში.

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადიდებულმა მდინარემ ამ კოტეჯებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

კომპანიამ გასულ წელს მიმართა სკრინინგის განცხადებით გარემოს სააგენტოს. სწორედ სკრინინგის პროცედურით უნდა გადაეწყვიტა სააგენტოს საჭირო იქნებოდა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება. ამ პროცესში სააგენტოს კომპანიის მისამართით გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდა.

სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანებაში აღნიშნულია:

  • „საპროექტო ნაპირდამცავი ნაგებობები წარმოდგენილი იქნება არმირებული რკინაბეტონის კედლების სახით.
  • უახლოესი საცხოვრებელი სახლი საპროექტო ნაპირსამაგრი ნაგებობებიდან დაშორებულია დაახლოებით 40 და 73 მეტრით. უახლოესი ტურისტული დანიშნულების კოტეჯი კი მდ. ყოროლისწყლის კალაპოტის კიდიდან დაშორებულია დაახლოებით 16,54 მეტრით.
  • მდ. ყოროლისწყალის მარჯვენა ნაპირზე გათვალისწინებული საპროექტო არმირებული რკინაბეტონის კედლის სიგრძე იქნება 216 მეტრი და იგი დაყოფილი იქნება 18 სექციად [თითოეული სექციის სიგრძე – 12 მეტრი].
  • ნაპირსამაგრი ნაგებობის თხემის სიგანე შეადგენს 0,3 მეტრს, საძირკვლის სიგანე – 0,6 მეტრს, ხოლო სიმაღლე მერყეობს 7,3-8,2 მეტრის ფარგლებში.
  • მდ. ყოროლისწყალის მარცხენა ნაპირზე გათვალისწინებული საპროექტო არმირებული რკინაბეტონის კედლის [წყალგაუმტარი ბორდიური] სიგრძე იქნება 132 მეტრი და იგი დაყოფილი იქნება 11 სექციად [თითოეული სექციის სიგრძე – 12 მეტრი].
  • აღნიშნული ნაპირდამცავი ნაგებობის თხემის სიგანე შეადგენს 0,4 მეტრს, საძირკვლის სიგანე – 1,4 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 2 მეტრს.
  • სკრინინგის განცხადების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორია არ მდებარეობს არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, დაცული და ტყით მჭიდროდ დაფარული ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობები.
  • სკრინინგის განცხადების შესწავლით დგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკის, მასშტაბისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება არ იქნება დაკავშირებული გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან.
  • მდ. ყოროლისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს გარემოსდაცვით ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს მდინარის მარჯვენა ნაპირზე არსებული ტურისტული დანიშნულების კოტეჯების, ასევე, მარცხენა ნაპირზე არსებული გზის და ფერდის ეროზიული პროცესებისა და წყალმოვარდნისაგან დაცვას.
  • შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ ვალდებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა.“

ხელვაჩაურში, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს საფრთხე 2023 წლის ოქტომბერში შეექმნა, როცა მდინარე ყორლოლისწყალი ადიდდა. მდინარის კალაპოტში კოტეჯების აშენების ნებართვა ხელვაჩაურის მერიას აქვს გაცემული.

ამავ თემაზე:

ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების დასაცავად კომპანია ჯებირის აშენებას გეგმავს

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version