აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ის, რაც ამ დღეებში ხდება, ბოროტებაა ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე“.
„მე აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ვარ. ჩემი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილია.
2008 წლის აგვისტოში ცხოვრება თავზე ჩამომენგრა. 24 წლის ქალი 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო დავრჩი და არ ვიცი ცხოვრების გაგრძელება როგორ მოვახერხე. ამ ქვეყანას შევწირე ყველაზე ძვირფასი ჩემთვის – მეუღლე.
შვილები დამიობლდნენ… ოჯახი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით. რაც მთელი ცხოვრება უშრომიათ ჩემს მოხუც ბებია-პაპას, 1 დღეში ნაცრად ექცათ. რუსეთი მტერია და მტერია ყველა, ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს.
ეს, რაც ამ დღეებში ხდება, ბოროტებაა! ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე. შეურაცხყოფაა, ყველა ცოცხალი თუ გარდაცვლილი მებრძოლის და მათი ოჯახების.
გული მიკვდება… 17 წლის მანძილზე, უკვე რამდენჯერ დაგვჭირდა ჩვენი გმირების მიმართ ნასროლი ტალახის ჩამორეცხვა.
ხალხო, რა გვჭირს? რა დაგვემართა? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს? ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა? თავის შეწირვა? წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენი ცოცხალი მებრძოლების გულებში ეხლა? ვინც საკუთარი მკერდით იცავდა ქვეყნის ინტერესებს 2008-ში?
ბოდიში! მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდება ამ უსუსური მდგომარეობიდან… ბოდიში, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩავაგდეთ თვითოეულმა ჩვენგანმა.
რუსეთი მტერია და ოკუპანტია! რუსეთის ინტერესების გამტარებლები საქართველოში კი დამნაშავეები არიან!!!
სოლიდარობა ამ მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს გმირების ოჯახებს. ასევე ცოცხალ მებრძოლებს, ცოცხალ გმირებს და მათ ოჯახებსაც. რა სამწუხაროა,“ – წერს თეა ტაბატაძე.
შმაგი სოფრომაძეს საქართველოს გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს.
შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. ის უმცროსი სერჟანტი იყო.
აგვისტოს ომის დროს დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას ტყვედ ჩავარდა. შმაგი სოფრომაძე დახვრიტეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ფეხი დაედგა საქართველოს სახელმწიფო დროშაზე.
ისნის რაიონში, სამხედრო ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას 2018 წელს შმაგი სოფრომაძის სახელი ეწოდა.
——————————————–
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მმართველი ხელისუფლებისა და მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
ამ კომისიის სხდომაზე 27 და 28 მარტს გამოკითხესა გვისტოს ომის მონაწილე გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.
კომისიის მუშაობის პარალელურად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა გაააქტიურეს საკითხი – თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი.






