დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანზე ციხეში მყოფი მზია ამაღლობელის გამოსახულება გამოჩნდა – სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწემ დისტანციური ჩართვა დატესტა.
„მე მზად ვარ“- გაისმა მზია ამაღლობელის ხმა სასამართლოს დარბაზში.
„არ მიუახლოვდეთ ეკრანს“- მანდატურმა ჟურნალისტების უკან დახევა სცადა, რომლებიც ეკრანთან შეგროვდნენ.
მალევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში სხდომა დაიწყო.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ დაიწყო.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.
ასევე, მზია ამაღლობელს უშუალოდ აკავებს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და ესეც ჩანს კადრში, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელის დამკავებელი გოჩა ვანაძეა.
პროცესის დასაწყისშივე ადვოკატებმა მოსამართლე სალიხ შაინიძის აცილება მოითხოვეს, რადგან სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა.
„თვითონ მოსამართლე თუ არ ითხოვს თვითაცილებას, გაუგებარია თქვენი მოთხოვნა. ჩვენ არ ვითხოვთ აცილებას“,- განაცხადს შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.
„გასაკვირიაო, ახსენეს, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არ სარგებლობს ყველა საქმე“,- მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.
საქმის აცილებაზე სალიხ შაინიძემ საბოლოოდ უარი თქვა: „მზია ამაღლობელის ძმას ვიცნობ, ქუჩაში ვესალმები, არ ვიცოდი, თუ მზია მისი და იყოო,“ – აღნიშნა მოსამართლემ.
სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლების: მარიამ კერესელიძის და თეა ლაღაძის სტატუსით დაინტერესდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე. იგი მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს საიას სხვა იურისტებთან და ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად.
ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, რომ ვინაიდან მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს, საიამ საჩივრით უკვე მიმართა პროკურატურას, დოკუმენტების გაყალბებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რამდენად მიუკერძოებელი იქნება სასამართლო სხდომაზე ბესელიას დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი?!
„მე პოლიციის დეპარტამენტის იურისტი ვარ, არ ვექვემდებარები არცერთ სამმართველოს“, – გაღიზიანება დაეტყო შს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს.
„ბესელიას ხომ ექვემდებარებით?“- შეაწყვეტინა შსს-ს წარმომადგენელს ნონა ქურდოვანიძემ.
„ბესელიას – დიახ“- თქვა თეა ლაღაძემ.
შსს-ს წარმომადგენლების თქმით, პროცედურულად განსაზღვრული არ არის მიუკერძოებლობის პრინციპის იმგვარი დაცვა, რაზეც ნონა ქურდოვანიძე საუბრობს, თუმცა მათ საიას თავმჯდომარემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები შეახსენა და ის, რომ ამ გადაწყვეტილებების გათვალისწინება სავალდებულოა საერთო სასამართლოებისთვის საქართველოში.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის საქმეს ის ვიდეო მტკიცებულებები დაურთო, სადაც 11 იანვრის საპროტესტო აქციის სადავო მონაკვეთია ასახული. შსს-ს წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე ასევე აპირებს შემდეგ სხდომაზე მოუსმინოს დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მოწმეებს.
ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ადვოკატები აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების: ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვასაც ითხოვენ. ირაკლი დგებუაძის ხმა „ბათუმელების“ ვიდეოჩანაწერეში ისმის, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო, გრიგოლ ბესელია კი, უშუალოდ აკავებს მზია ამაღლობელს.
„არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან,“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. შსს-ს წარმომადგენლების კატეგორიული პოზიციაა, გაყალბებული ოქმის საფუძველზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არ დაიკითხონ.
„ღიად ვტოვებ ამ საკითხს“ – გამოსავალი იპოვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ. იგი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე მოუსმენს.
შემდეგ სხდომაზე მოსამართლემ ასევე უნდა თქვას, რა გადაწყვიტა აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების დაკითხვაზე.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტამდე გადაიდო.
ამ თემაზე:
სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება