ხულოს კლინიკაში დასაქმებული ექთნები საერთო მიმართვას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კლინიკის მენეჯმენტს სურს შეცვალოს ექთნების გრაფიკი.
„15 დღის წინ გვითხრეს, რომ თქვენ ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობის ნაცვლად, უნდა გადახვიდეთ ყოველ მე-8 დღეს მორიგეობაზე. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, რატომ? ბევრი პაციენტი არ გვყავს და კომპანია ასე მუშაობაზე არ არის თანახმაო.
აგიხსნით, როგორ უნდათ ყოველ მე-8 დღის მორიგეობაზე გადაგვიყვანონ. თერაპია, ქირურგია და ბავშვთა გაერთიანებული განყოფილება გვაქვს მე-2 სართულზე, სადაც მუშაობს ერთი ექთანი. მე ამ განყოფილებაში ვმუშაობ. ცალკეა სამშობიარო განყოფილება მე-3 სართულზე, რომელსაც აქამდე ცალკე ექთანი ჰყავდა. ორივე განყოფილებას ერთი სანიტარი ჰყავს. ახლა უნდათ, რომ ამ განყოფილებებში მხოლოდ ერთი ექთანი დატოვონ, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
დღეს უკვე მოგვცეს გრაფიკი, რისი მიხედვითაც ყოველ მე-8 დღეს უნდა ვიმორიგეოთ.
დღეს შევედით უფროსთან, ვუთხარით, რომ გაურკვეველია ეს ცვლილება და სამომავლოდ, უარეს ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ასე გამოდის. აქამდეც ასე გვითხრეს და დღესაც დაგვიდასტურეს, რომ გამორიცხული არ არის, სხვა განყოფილებები ჩაიხსნას და მხოლოდ ემერჯენსი დარჩეს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ გასულ წლამდე, 175 ლარი გვქონდა ხელფასი. ერთი წელია, რაც შრომის ინსპექციის სამსახურის წყალობით დაგვიმატეს ხელფასი. ბოლო ერთი წელი საათში გვეწერებოდა 4 ლარი და 40 თეთრი. ახლა ამ ფორმით მოგვირბინეს, არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა.
მოწვეული გვყავდა აჭარის ტელევიზია, მაგრამ არ გააშუქეს”, – გვეუბნება გუგული კახაძე, ხულოს კლინიკის ექთანი.
ხულოს კლინიკის ექთნების მოთხოვნაა არ შეეცვალოთ მორიგეობის გრაფიკი, იმუშაონ ყოველ მე-4 დღეს მხოლოდ ერთ განყოფილებაში და, შესაბამისად, შეუნარჩუნდეთ ხელფასი. თუ ექთნები იმუშავებენ ყოველ მე-8 დღეს, მათი ხელფასი განახევრდება.
ექთნების თქმით, ისინი ესაუბრნენ ხულოს კლინიკის მენეჯერს, ნიკა ბერიძეს. გუგული კახაძე გვეუბნება, რომ შეხვდნენ ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ჯამბულატ მელაძესაც, რომელმაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს დაურეკა. „ნიჟარაძემ გვითხრა, რომ კლინიკის გენერალურ დირექტორს დაურეკავდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ ისევ მე-4 დღეს სამორიგეოდ მივიდოდით კლინიკაში და „მერე შევხედავთ რა იქნებაო“.
„ბათუმელები“ ხულოს კლინიკის მენეჯერს, ნიკა ბერიძეს დაუკავშირდა.
ბერიძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს კლინიკები ჩაუდგა სათავეში, კლინიკის მიზანია დაამატოს სერვისები.
„საუბარი არ არის ვინმეს სამსახურიდან გამოშვებაზე. აქ საუბარია გრაფიკის ცვლილებაზე, რაც მოყვანილია შესაბამისობაში პაციენტების მომართვიანობასა და კლინიკის დატვირთვასთან…
საათობრივი ანაზღაურება არავის არ ეცვლება. თუ მომართვიანობა მოიმატებს, მეტს იმუშავებენ და ხელფასიც გაეზრდებათ. ეს გრაფიკი მუდმივად შეიცვლება, ესაა ცოცხალი პროცესი კლინიკებში, გასაკვირი არ არის. როცა საჭიროება მოითხოვს, ემატებათ საათები პერსონალს და შესაბამისი გრაფიკი განესაზღვრებათ.
ახალი გრაფიკი უკვე შესულია [ძალაში]. მე არ ვიცი მერამდენე დღეს მოუწევთ მორიგეობა ექთნებს. ეს შეიძლება იყოს ყოველ მე-5, 6, 8 დღე თუ სხვა“, – აცხადებს ნიკა ბერიძე.
„ბათუმელები“ ეცდება ხულოს კლინიკის პერსონალის პროტესტის საკითხზე ჰკითხოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია აქვე განახლდება.