წყლის ტემპერატურის მატება შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სახეობების შეჭრას იწვევს და არღვევს შავი ზღვის ეკოსისტემას – აცხადებენ თურქი მკვლევრები. სტატიას ამის შესახებ თურქული გამოცემა, „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.
1970-2023 წლებში შავი ზღვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსი იყო, 2023 წელს კი – 16,8 გრადუსი. წყალი თბება წითელ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებშიც.
ექსპერტების ცნობით, კლიმატის ცვლილება და ზღვის ტემპერატურის მატება იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს საზღვაო ეკოსისტემებში, მაგალითად, წითელი ზღვის სახეობები ვრცელდება ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში.
სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ონურ გონულალი ამბობს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, ზღვებში, შემოჭრილი, ინვაზიური სახეობების მზარდი რაოდენობა ფიქსირდება. მისი ცნობით, 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ შავ ზღვაში ინვაზიური სახეობების რაოდენობა 30-ს უახლოვდება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ასეთი სახეობების რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს ადგილობრივ სახეობებს, რაც დაარღვევს ეკოლოგიურ ბალანსს ადგილობრივ სახეობებთან კონკურენციის გამო.
„ტემპერატურის მატება ამცირებს ტემპერატურულ განსხვავებას ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ სახეობას გავრცელდეს. ხმელთაშუა და შავი ზღვის ეკოსისტემები განსხვავებულია, მაგრამ ტემპერატურის მატებასთან ერთად ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების თევზის სახეობები იწყებენ გავრცელებას მარმარილოსა და შავ ზღვებში“.
ბიოლოგი ამბობს, რომ სახეობებმა, რომლებიც კონკურენციას უწევენ ადგილობრივ სახეობებს რესურსებისთვის, შესაძლოა დაარღვიონ შავი ზღვის ეკოლოგიური წონასწორობა.
სტამბოლის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ასოცირებული პროფესორი, ჰიდრობიოლოგი სემ დალიანი ამბობს, რომ ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას და შავი ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან მსგავსების შედეგად, შესაძლოა, მაგალითად, შავ ზღვაში შემცირდეს ქაფშია, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს.
ამავე თემაზე:
შავ ზღვაში შემოსულმა მუქმა ქორჭილამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ენდემურ სახეობებს