ხვალ, 25 ივლისს, ბათუმში აქტივისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის თემა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება „თავისუფალ სივრცეში“.
სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი CMIS – მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრია.
სამუშაო შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელები: ეკატერინე ბასილაია და მამუკა ანდღულაძე გაუძღვებიან, ხოლო მოწვეული სპიკერი მალხაზ ჭკადუა იქნება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, „კინედოკის“ ინიციატივით გაიმართება დოკუმენტური ფილმის – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ კინოჩვენება.
ფილმი ასახავს პირადი და პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც სასტიკი სასჯელი ემუქრებათ.
როგორც ცნობილია, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 წელს მიიღეს. „აგენტების კანონმა“ ქვეყანაში მედია და კრიტიკული სამოქალაქო სექტორი გააქრო.
სამუშაო შეხვედრა, კინოჩვენება და დისკუსია „თავისუფალ სივრცეში“ [ მისამართი: ზ. გამსახურდიას 6ა] გაიმართება.