მთავარი

რეისი: ბათუმი – კირნათი

28.02.2016 • 3170
რეისი: ბათუმი – კირნათი

თამთა კახაბერიძე

ინგლისურის გაკვეთილი საღამოს შვიდის ნახევარზე მიმთავრდება. 2-3 წუთში გამოვდივარ ნატო მასწავლებლის სახლის სადარბაზოდან. აი, ამ წამიდან იწყება ჩემი და ჩემი სოფლის ავტობუსის შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოდის ქალაქის მეორე ბოლოს მდებარე ავტოსადგურიდან, როცა მე ინგლისურის გაკვეთილს ვამთავრებ. ჩვენი მარშრუტის გადაკვეთის ადგილამდე აუცილებლად უნდა მივასწრო, თუ სახლში დაბრუნება მინდა, რადგან ეს ბოლო ავტობუსია, რომელიც ჩემს სოფლამდე მიდის. ხვალ სკოლაში ვარ წასასველი და დილით, 9 საათამდე თუ გადავფრინდები, თორემ, ისე ქალაქიდან ვერანაირად ვერ მივაღწევ ჩემი სოფლის სკოლამდე.

კორპუსის ეზოდან გამოსვლამდე ავტობუსზე მისწრების ალბათობას ვთვლი, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა დღეა -სამუშაო თუ უქმე, როგორი ამინდია, რომელი მძღოლია დღეს ცვლაში და ა.შ. უკვე ქუჩაში გამოსული ვწყვეტ – სწრაფად ვიარო, თუ თავპირისმტვრევით ვირბინო. უფრო ხშირად მეორე ვარიანტს ვირჩევ და დანიშნულების ადგილას მისული ძლივს ვითქვამ სულს. თუ ავტობუსს, ჩემი გათვლებით, 3-4 წუთით მაინც ვასწრებ, მაშინ შედარებით მშვიდად ვარ და გზაში მომავლის გეგმებსაც ვაწყობ: მომავალში შეიძლება ხვალინდელი დღის გრაფიკიც იგულისხმო, შემდეგი კვირის ან თვის, ან მთელი ცხოვრების. მაგრამ, მე აბიტურიენტი ვარ და ჩემი მომავლის გეგმა მხოლოდ ეროვნულ გამოცდებამდე პერიოდს ეხება. დანარჩენს უკვე გამოცდების შედეგი განსაზღვრავს.

ჰო, აბიტურიენტი ვარ, თუმცა, რომელ ფაკულტეტზე მინდა სწავლის გაგრძელება, ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე. რა მაინტერესებს? რისი კეთება მინდა? – მაინტერესებს ადამიანის უფლებები, მაწუხებს ქალებზე ძალადობა და ნაადრევი ქორწინება, შეზღუდული გარემო შშმ პირთათვის, განათლების პრობლემა, ქუჩაში დაყრილი ნაგავი, მაწუხებს უამრავი სტერეოტიპი ჩემ გარშემო და ის უკულტურობა, რომელსაც ბევრი „ქართულ კულტურას~ უწოდებს და კბილებით იცავს არარსებული მტრისგან. მინდა რამე გავაკეთო ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მინდა ბევრი თანამოაზრე მყავდეს, რომ ერთად შევცვალოთ გარემო, რომელიც არ მოგვწონს და მინდა ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნად იქცეს. მოკლედ, ბევრი ამბიცია მაქვს. მომავალ პროფესიად იურისპრუდენციას ან ჟურნალისტიკას განვიხილავ.

ამასობაში დანიშნულ ადგილსაც ვუახლოვდები. ავტობუსში ასული თავს უკვე მშობლიურ გარემოში ვგრძნობ. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, ერთი საათი დამჭირდება თუ საათ-ნახევარი, თუნდაც ორი იყოს, ყოველ შემთხვევაში, დღეს აუცილებლად მივაღწევ სახლამდე. ეს დროც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც უკვე ვახსენე.

ავტობუსში თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე სახეებს ვხვდები. წინ, ძირითადად, ახალგაზრდა ბიჭები სხედან და სოფელში ასვლამდე ტოტალიზატორის ბილეთებზე, ფეხბურთზე, „გუშინდელ თამაშზე“, მანქანებსა და სიგარეტის გაძვირებაზე საუბრობენ; შუა ნაწილს ბაზრიდან წამოსული ქალები იკავებენ, რომლებსაც დაღლილობის მიუხედავად, ყოველთვის აქვთ იმის ძალა, რომ სოფლის „ყვითელი“ ამბები განიხილონ: ვინ „ახალი რძალი მოიყვანა“, ვინ მანქანა იყიდა და ვისმა ბიჭმა სად დაიწყო მუშაობა.

სულ უკან, კაცები არიან. ისინი, ძირითადად, მშენებლობაზე მუშებად მუშაობენ. იმის იმედი, რომ დასაჯდომი ადგილი მომიწევს, რა თქმა უნდა, არ მაქვს და ავტობუსის შუაში, „ქალების სექციაში“ ვდგები. ზოგჯერ, რომელიმე ახალგაზრდა ბიჭი, „ჯენტლმენობას“ იჩენს და ადგილს მითმობს, ამ დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, ბევრს ვუარობ, მაგრამ მთელი ავტობუსის შეგულიანების შემდეგ, „რომ დაგითმეს, დაჯექი“, მაინც მიწევს დაჯდომა და მერე მთელი გზა ეკლებზე ვზივარ. ქალისთვის ადგილის დათმობა და ამით პატივისცემის გამოხატვა იმ საზოგადოებაში, რომელშიც ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

განსაკუთრებით ნერვები მეშლება, როცა „ჩემი ჯენტლმენი“ ძმაკაცებთან საუბრით გართული და აზარტში შესული ხმამაღლა წამოიძახებს ხოლმე „ქალმა ეგ როგორ უნდა გამიბედოს, ძმაო“. ან, ენადგაკრეფილ მეგობარს შენიშვნას აძლევს, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს და თან „ნამუსზე აგდებს“: „ქალი ხომ არ ხარ, ბიჭო“. ამიტომ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, დგომა მიჩევნია, თან უკვე წლებია, თითქმის ყოველდღე, ასე ვმგზავრობ და შევეჩვიე. ამ დროს ქალები მამხნევებენ ხოლმე: „ინვალიდი ხომ არაა, იდგეს მერე, ახალგაზრდაა ჯერ და არ გაუჭირდება“. „ინვალიდი არა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“ – ვიმეორებ გულში, თუმცა ხმამაღლა არაფერს ვამბობ. ვიცი, ამ სიტუაციაში ამ თემაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. ბევრჯერ ვცადე და შედეგად მხოლოდ ნერვების დაგლეჯა და „გაუზრდელი და ტლიკინა“ გოგოს სახელი მივიღე.

მახსოვს, პირველად რომ დავიწყე დამოუკიდებლად ქალაქში სიარული, მთელი ავტობუსი და, შესაბამისად, მთელი სოფელი შეშფოთებული იყო: ახალგაზრდა გოგო ასე ხშირ-ხშირად სად დავდიოდი, ან ასე გვიან რატომ ვბრუნდებოდი სახლში. დედაჩემს აფრთხილებდნენ კიდეც, რომ შეიძლება ერთხელაც უკან აღარ დავბრუნებულიყავი. მალე მიხვდნენ, რომ მართლა მეცადინეობაზე დავდივარ, ან ტრენინგზე, ან რომელიმე არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კურსებზე და არა პაემანზე. ყოველ შემთხვევაში, გათხოვებას ნამდვილად არ ვაპირებ, ჯერჯერობით. თუმცა, ზოგჯერ ახლაც შენიშნავენ დანანებით: „არ იღლები ამდენი სიარულით ყოველდღე?!“, „რა ქნას, სწავლობს ბავშვი“, ამას დედაშვილური რჩევა მოყვება: „ამდენი სწავლაც არაა საჭირო, ბიჭი ხომ არ ხარ. მამაშენს რამდენი ფული ეხარჯება შენზე, მაინც უნდა გათხოვდე“.

ვცდილობ ბრაზი გადავყლაპო, უხეშად რომ არ გამომივიდეს და ისე ვუპასუხო, მოკლედ, ზრდილობის გულისთვის. ხანდახან, ჩურჩულით ნათქვამი, ეჭვიანი ტონი მესმის: „უნდა გათხოვდეს, მაგრამ, ნეტა სახლის საქმეები ეხერხება?! – სკოლის მერე ქალაქში გამორბის, მაგას საჭმლის გაკეთებაც არ ეცოდინება.“ ადრე ამ ყველაფერზე ძალიან ვბრაზდებოდი და ისე ვნერვიულობდი, სახლში მისული ვტიროდი. ახლა, უკვე აღარც ვეპასუხები. „თავის გამართლების~ რეჟიმით, ისევ იმ სტერეოტიპებს გავამყარებ, რომელიც ასე მიშლის ნერვებს.

უკან სულ ხმაურია. კაცები საქვეყნო საქმეებს განიხილავენ: ლანძღავენ მთავრობას, ჩივიან ლარის კურსის გაუფასურებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, დასავლეთის მიერ წართმეულ „ქართველობაზე“, საბჭოთა კავშირისდროინდელ სიკეთეებზე, 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენაზე, იქ 2 მანეთად ნაყიდ არაყზე და რუსულ „პეჩენიაზე“, აკრიტიკებენ ახალგაზრდა თაობას, გადაგვარებულებს და უზრდელებს გვიწოდებენ. ამ ყველაფერს იმდენად განიცდიან, რომ ნერვების დასაწყნარებლად სიგარეტს უკიდებენ და ნამწვავს წინა სკამის საზურგეზე აქრობენ.

ჩემს სახლამდე 40-50 მეტრით ადრე მეზობელი აჩერებს ავტობუსს. ჩვეულებრივ, მეც აქ ჩამოვდივარ და დარჩენილ გზას ფეხით ვაგრძელებ.

ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია. წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ, მე ყველაზე მეტად ღამით მომწონს: სიმშვიდეში. მარტო, სიბნელეში მივაბიჯებ სოფლის ვიწრო გზაზე და ვფიქრობ: არ ვიცი სამართალმცოდნე ვიქნები თუ ჟურნალისტი, იქნებ სულ სხვა პროფესია ავირჩიო. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიზრუნო იმ პრობლემების გამოსწორებაზე, რომლებიც ასე მაწუხებს, მეც და ჩემმა თაობამაც უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ამისთვის კარგი განათლებაა საჭირო, კარგი განათლებისთვის – კარგ უნივერსიტეტში სწავლა, კარგ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის – გამოცდების კარგად ჩაბარება, გამოცდების ჩაბარებისთვის საჭიროა ხვალინდელი დავალება კარგად შევასრულო. ამისთვის, ალბათ, შუაღამემდე მუშაობა მომიწევს, მაგრამ არაუშავს. მთავარია, ამ ყველაფერს შედეგი ჰქონდეს.

როგორც იქნა, მოვაღწიე სახლამდე. ვაღებ ჭიშკარს, რომელიც, რაც არ უნდა ფრთხილად გავაღო, მაინც ძალიან ჭრიალებს და სახლში შევდივარ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: