ბათუმის ბულვარში დაგეგმილ თუ მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც ამ ეტაპზე თითქმის მილიონ ნახევარი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საზოგადოება რეგულარულად აპროტესტებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ბულვართან დაკავშირებით თავის გეგმებზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მოქმედ ხელისუფლებას ისტორიული ბულვარის შეცვლის განზრახვისთვის? – პროცესებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე აფასებს.
ასლან, თქვენი აზრით, რატომ არის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს თავისი „კვალი“ დატოვოს ბათუმის ბულვარში, განსაკუთრებით მის ისტორიულ ნაწილში?
ბულვარი პოპულარული ადგილია, თანაც არამარტო საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ალბათ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბულვარის გადაკეთება მოიტანს დიდ ეკონომიკურ შემოსავალს, ანუ ცდილობენ შემოსავალი გაზარდონ ბულვარის რეკონსტრუქციის ხარჯზე, რაც არსებითად არასწორია, რადგან ეს არ არის გრძელვადიანი შემოსავალი. ზოგადად კი, თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე, ქვეყანას არავითარ კარგ ეკონომიკურ ეფექტს არ მოუტანს.
თქვენი აზრით, რატომ არ აკეთებს ხელისუფლება ეკონომიკურ გათვლებს ახალ ბულვართან მიმართებაში, ისიც ხომ ზღვის სანაპიროს მიყვება? პრინციპში, ბულვარის ახალი კონცეფციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებიც ამას ითხოვენ.
კი, მაგრამ ძველ ბულვართან მდებარეობს არაერთი სასტუმრო, ასევე კერძო სექტორშიც ბევრი ფართობი ქირავდება ზაფხულობით, ანუ ტურისტების დიდი ნაკადი ძირითადად ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ახალ ბულვარში ჯერჯერობით ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, ამას 3-4 წელი მაინც დასჭირდება. შესაბამისად, ცდილობენ ის ტერიტორია დატვირთონ, სადაც ტურისტები იყრიან თავს. ბიზნესმენს, რომელსაც სთავაზობ ფულის დაბანდებას, ურჩევნია მოგება ეგრევე მიიღოს, დანახარჯი მალე ამოიღოს, ახალ ბულვარში, ჯერჯერობით, ეს შეუძლებელი იქნება.
ისე გამოვიდა, რომ ყველა ხელისუფლებამ სცადა უხეში ჩარევა ბულვარში. ამ ხელისუფლებამ კი სულაც საარჩევნო წელს გადაწყვიტა ბულვარის შეცვლა. თქვენი აზრით, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მთავრობას ამ განზრახვისთვის?
წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც შიშის სინდრომი ძალიან მაღალი იყო, ბევრი ადამიანი გამოვიდა ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქციაზე. ადამიანებმა ჯებირების მონგრევა ძალისმიერი მეთოდებით სცადეს. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუში თქვა, რომ ბულვარში აშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ზღვაზე თავისი გასასვლელი ექნებოდა. მაშინ ხელისუფლება თვლიდა, რომ ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მაშინ ისინიც კი მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და ეს შეცდომა აისახა არჩევნების შედეგებზე: ყველას გვახსოვს, რომ ბათუმში სააკაშვილის ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და ამაში უმნიშვნელო როლი ბულვარის მიმართ გატარებულ პოლიტიკას ნამდვილად არ შეუსრულებია.
მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ გაანალიზა წინა ხელისუფლების შეცდომები და ვერც სწორი დასკვნები გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისთვის ეს იქნება ძალიან ძვირად გადასახდელი ფასი – ეს აუცილებლად აისახება არჩევნებზე.
საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, რომელსაც ხელისუფლება პასუხს არ სცემს. და მესამე – მე არ მგონია ისტორიულ ბულვარში ასეთი ჩარევა ადგილობრივ დონეზე იყოს გადაწყვეტილი. ეს ნაკარნახევი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლებიდან, აშკარაა – ამაში ვიღაცის ბიზნეს ინტერესები არის ჩადებული, რომელსაც შესაძლებელია კავშირი ჰქონოდეს წინა პრემიერის გუნდთან. აბა სხვა რა ხდება – ბულვართან დაკავშირებით ინფორმაცებს ფლობს ყველა, გარდა თავად ბულვარის ადმიანისტრაციისა. ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, რა ხდება ბულვარის ტერიტორიაზე. ბულვარის თანამშრომლებისთვის კი ეს გეგმა მგონი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ბილიკების გადათხრა დაიწყეს.
იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლებას არ ახსოვდა წინა ხელისუფლების ჩარევა ბულვარში და ამაზე საზოგადოების რეაქცია – სწორი არ იქნება. სავარაუდოდ, ახსოვთ, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ჩარევა. ეს რაზე მიუთითებს?
მე მგონი ზოგიერთი კონკრეტული თანამდებობის პირი მომავალში საკუთარ თავს იგივე ხელისუფლებასთან არ აიგივებს და წუთიერი დივიდენდის მიღებაზე ფიქრობს. შეიძლება თვლის, რომ ის არ იქნება ხელისუფლების ნაწილი მომავალში, ამიტომ ურჩევნია რაღაც სარგებელი მიიღოს, არ ვიცი როგორია ეს სარგებელი – შექებაა, მადლობა თუ კონკრეტული ფულადი სარგებელი. აბა სხვა რა ახსნა შეიძლება მოუძებნო – ბათუმში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და დიდი თანხა გამოყეს იმისათვის, რომ ბულვარი შეცვალონ და ხალხი გააღიზიანონ. ვნახეთ ხომ, სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოებაში აგრესია. წარმოიდგნიეთ, რომ ბოტანიკურ ბაღში ყოველ ნაბიჯზე დაიდგას საქანელები, გაიხსნას კაფეები, ეს ხომ უცნაური იქნება არა?!
ამ განცხადებით ახალი იდეას ხომ არ აწვდით ხელისუფლებას?
რა ვიცი, ხეების ამოღება დაუწყიათ და შეიძლება ესეც გააკეთონ. თავის დროზე ჩემმა 10 წლის შვილმა დახატა პლაკატი და გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ბულვარის დასაცავად. ეს მისთვის არავის უთქვამს, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ის ამ ბულვარში თამაშობდა, ეს მისი სივრცე იყო.
არავინ ამბობს, რომ არ უნდა გააკეთონ კაფეები, მაგრამ არის უამრავი ადგილი, სადაც შეიძლება ამის გაკეთება. მაგალითად, თავის დროზე შუა ბულვარში ალიკა ინწკირველის კაფე რომ კეთდებოდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ [ბიზნესმენ ინწკირველს შუაგულ ბულვარში მოქმედმა ხელისუფლებამ გამოუყო ფართობი რესტორნის გასახსნელად]. სამწუხაროდ, აჭარის ეკონომიკის მინისტრი [დავით ბალაძე] მხოლოდ ახლა ამბობს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და ალბათ მოხდება მეპატროენესთან მოლაპარაკება და კომპენსაცია. რა გამოდის, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და ამის ფასი მე უნდა გადავიხადო? გადამხდელი ხომ მე ვარ. კეთილი ინებოს და ხელისუფლებამ დაშვებულ შეცდომებზე თავადვე აგოს პასუხი.
ბულვართან დაკავშირებით სიტუაციის დაძაბვის შემდეგ ცდილობენ პროცესი გადაიყვანონ მრგვალი მაგიდის ფორმატში, კომისიების შექმნაში, მაგრამ საზოგადოება სვამს კითხვას – როდესაც ბულვარის განვითარების კონცეფციას ამუშავებ, წარმოადგენ ვიდეო რგოლს, რომელშიც ამბობ, რომ ბულვარის სახე არ იცვლება და თან ალეას აუქმებ, კაფეს აკეთებ, ამაზე მეტი სახეცვლილება რა უნდა იყოს, ეს რას ნიშნავს?
მე არ ვიცი რა ეკონომიკური სარგებლის მიღებას აპირებს ხელისუფლება ამ კაფეებით, მაგრამ საკუთარი ისტორიის განადგურება ამ ხელისუფლებას არჩევნებზე ძვირი დაუჯდება.