მთავარი

სპილო, რომელიც „ეწევა”

28.03.2018 • 3047
სპილო, რომელიც „ეწევა”

ინდოეთში გადაღებულმა ველური სპილოს ვიდეომ, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს და თითქოს ეწევა, ველური ბუნების დამცველი მთელი მსოფლიოს ექსპერტები განაცვიფრა.

ველური ბუნების დამცველი საზოგადოების წევრმა, ინდოელმა მეცნიერმა, ვინაი კუმარმა, 48-წამიანი  ვიდეო გადაიღო ინდოეთში, ნაგარჰოლას ტყეში.

მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, როგორ უშვებს ცხოველი პირიდან კვამლს.

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის ველური ბუნების დამცველი საზოგადოების ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ეს არის ვიდეოდოკუმენტაციით განმტკიცებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევა, მსგავსი რამ არსად არავის შეუნიშნავს და მეცნიერები საგონებელში არიან ჩავარდნილები.

ვიდეოკადრების ავტორი, ვინაი კუმარი ტყეში ვეფხვების გამოჩენას ელოდა კამერით გადასაღებად, თუმცა ვეფხვების ნაცვლად ველურ სპილოს წააწყდა, რომელიც პირიდან დიდი რაოდენობით კვამლს უშვებდა.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ველურმა სპილომ ტყეში დანთებული ცეცხლის შედეგად ნარჩენი ნახშირი გადაყლაპა და ასე უშვებდა კვამლს. ხის ნახშირს სამედიცინო დანიშნულებაც აქვს და შებერილობისგან თავის დასაღწევად გამოიყენება. შესაძლოა ამას ცხოველებიც გრძნობენ არაცნობიერად და ამიტომაც ყლაპავენ ნახშირს, თუმცა სპილოები თუ ზოოფარმაკოლოგიის ამ მეთოდს დამოუკიდებლად მიმართავდნენ, არავინ იცოდა. ზუსტი პასუხების მისაღებად მეცნიერები უცნაური შემთხვევის კვლევას განაგრძობენ.

წყარო: Guardian    BBC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: