სიახლეები

პეტრე ზამბახიძის კომენტარი უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ

13.03.2015 • 1736
პეტრე ზამბახიძის კომენტარი უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ

 

მისი თქმით ავთანდილ ბერიძეს დღეს, 13 მარტს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე,  დირექტივებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ალექსანდრე ჩიტიშვილი აძლევდა.

 

„დაბოღმილი, თანამდებობიდან გათავისუფლებული ჩიტიშვილი მივიდა იქამდე რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აიძულა არაადეკვატური მოქმედებები განეხორციელებინა. არაადეკვატურმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვეღარ წარმართა სხდომა. იქიდან გამომდინარე რომ მას ჩიტიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა უმაღლეს საბჭოში დაავალეს მიეღო ის  გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მცდელობა ჰქონდათ იმის რომ დადგენილებაზე ხელი არ მოეწერა. რეგლამენტის მიხედვით სხდომა გაგრძელდა, რადგანაც რიგგარეშე სხდომა იყო ჩვენს მიერ მოთხოვნილი,  განსაზღვრული დღის წესრიგით იყო და  დღის წესრიგის ამოწურვამდე, ანუ ყველა საკითხის განხილვამდე სხდომის შეწყვეტა ვერ მოხდებოდა კანონიერად. ეს იქნებოდა ყოვლად უკანონო მოქმედება,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

 

მას შემდეგ რაც ავთანდილ ბერიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომა დატოვა, სხდომა საბჭოს უხუცესმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ განაგრძო.

„როცა სხდომის თავმჯდომარე არ არის ადეკვატური ან როცა ის ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას სხდომა წარიმართება რეგლამენტის მიხედვით.  ავთანდილ ბერიძეს  არ სურდა სხდომის ჩატარება რომელიც იყო მოწვეული, რვა დეპუტატის ხელმოწერით.  ჩვენ ამ საკითხისთვისაც ვიყავით მზად. რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედეთ,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

 

ზამბახიძეს დღეს უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები ასლან აბაშიძის პერიოდის აჭარას ახსენებს.

 

„არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც გვეუბნებოდნენ რომ ისეთ დემოკრატიას შექმნიდნენ ქვეყანაში, გააოცებდნენ ევროპასაც კი. დღეს რასაც აკეთებდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მე პირადად პარალელი შემიძლია გავავლო ასლან აბაშიძის რეჟიმთან. რაც გააკეთა 1991 წელს აბაშიძემ, როცა შეეცადა დაეშალა უმაღლესი საბჭო და მხოლოდ მას ემართა რეგიონი“.

 

დღეს, 13 მარტს გამართულ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, 8 ხმით ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძე აირჩიეს. ამის შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა. 

გადაბეჭდვის წესი