სიახლეები

აჭარის მუსლიმ თემს შენობები გადაეცა

07.03.2015
აჭარის მუსლიმ თემს შენობები გადაეცა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს შენობები გუშინ, ბათუმში, ბიზნესფორუმზე ვიზიტის შემდეგ დაათვალიერა.

მუსლიმური თემის ლიდერების თქმით, ეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან ახალი შენობები  ბათუმის „ორთა ჯამეში” ლოცვის პირობების შესაქმნელად ძირითადი საშუალებაა. 

საუბარია მედრესესა და დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობაზე, რომელთ მუსლიმი თემისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბათუმის „ორთა ჯამეში” დამატებითი ფართის გამოსათავისუფლებლად მიიღო.

პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება – “ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და თქვენ სამადლობელო არ გაქვთ ჩემთვის. პირიქით დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენ ხანს მოითმინეთ. მე ვიცი რომ პრობლემები ჯერ კიდევ არის და ამ პრობლემებს ჩვენ ეტაპობრივად მოვაგვარებთ, გადავლახავთ სიძნელეებს. იმ პრობლემებს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ მოვაგვარებდით. ამას სჭირდებოდა დრო, თანმიმდევრული გადაწყვეტა. დღეს დადგა ის დრო, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვაგვარეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთად” – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.

გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრისაც შეხვდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.