სიახლეები

სწავლა უცხოეთში, საჯარო ლექციები და კონფერენციები – აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი

05.03.2015 • 1760
სწავლა უცხოეთში, საჯარო ლექციები და კონფერენციები – აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი

 

სამინისტრო აფინანსებს: 

 

– სწავლას საზღვარგარეთ;
– სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას;
– კვალიფიკაციის ამაღლებას;
– კონფერენციის მოწყობას;
– საზაფხულო სკოლის ორგანიზებას; 
– საჯარო ლექციებს. 

სწავლა საზღვარგარეთ – ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების ან კანადის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


ქვეპროგრამის მონაწილე სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების დაფარვის მიზნით. 


ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე. 


სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა – ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს. აგრეთვე იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ქვეპროგრამის მონაწილე სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს  კომისია. 

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ მაისამდე 2015 წლის ივნის – ნოემბრის თვეში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.


 

კვალიფიკაციის ამაღლება – დაფინანსდება მეცნიერთა სტაჟირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების ან კანადის წამყვან უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით და ხელოვნების ცენტრებში. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 45 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი, ან აქვს დოქტორის აკადემიური (მასთან გათანაბრებული) ხარისხი. ქვეპროგრამის მონაწილე დაფინანსების მიზნით მიიღებს ფინანსურ დახმარებას 5000 ლარის ოდენობით. ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

 

საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ მაისამდე და 2015 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის პირველ აგვისტომდე.

 

საზაფხულო სკოლა – ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს საზაფხულო სკოლის მოწყობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს; აჭარაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი საზაფხულო სკოლის დაფინანსებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე ივლის-ნოემბრის თვეში გამართული საზაფხულო სკოლის დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

კონფერენციის მოწყობა – კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს. აგრეთვე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი კონფერენციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის 20 მაისამდე გასამართი კონფერენციის მოწყობისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად.


საჯარო ლექციები – სამინისტრო დააფინანსებს საჯარო ლექციების ორგანიზებას. ლექციები გაიმართება სხვადასხვა აუდიტორიისათვის: სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (იურიდიული მისამართი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს; კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი საჯარო ლექციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს.
კონკურსში მონაწილოების მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: 2015 წლის 10 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2015 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის 20 ივნისამდე და 2015 წლის პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 10 დეკემბრამდე.


სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის კომპონენტში დაფინანსდა 4 სტუდენტი; სამეცნიერო ღონისძიებების კომპონენტში – 4 აპლიკანტი; კონფერენციის მოწყობის კომპონენტში – 3 კონფერენცია და საჯარო ლექციების კომპონენტში – 10 ლექცია.

 

დამატებითი ინფორმაცია და კონკურსში მონაწილეობის პირობები იხილეთ აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე


გადაბეჭდვის წესი