სიახლეები

ვინ მიიღებს ბინას ქედაში

04.03.2015
ვინ მიიღებს ბინას ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით,   ქედაში 14 ბინაა თავისუფალი, ორი – ყოფილ ეკომიგრანტთა სახლში და 12 – ახალგარემონტებულ შენობაში.

 

გამგებლის თქმით, კომისია აღნიშნულ ფართობში სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები პირველ კატეგორიას მიკუთნვებული  13 და სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ერთი ოჯახის შესახლებაზე მსჯელობს. დავით დუმბაძემ აღნიშნა, რომ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით შესწავლილ მასალას მუნიციპალიტეტი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაუგზავნის. სტიქიის შედეგად დაზარალებული რომელი ოჯახი  მიიღებს ბინას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ამას საბოლოოდ სწორედ სამთავრობო კომისია გადაწყვეტს.

 

„ჩვენ შესწავლილ მასალას გადავუგზავნით განსახილველად. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ერთი სოფლის პრობლემა მოვაგვაროთ “ –  ამბობს დავით დუმბაძე.

 

სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 14 ოჯახს სახელმწიფომ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 2010 წელს ფულადი დახმარება გაუწია, რისთვისაც  ბიუჯეტიდან   57 000 ლარი დაიხარჯა. ფულად დახმარებასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო ტერიტორია უნდა გამოეყო, რაც ვერ განხორციელდა. სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახიდან სახლის ადგილმონაცვლეობისთვის საჭირო ფართობის გამონახვა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო, დანარჩენი 13 ოჯახი კი, დღემდე დამეწყრილ და სიცოცხლისთვის საშიშ სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

 

 დავით დუმბაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდებიან, ისინი მზად არიან 2010 წელს მიღებული ფულადი დახმარება სახელმწიფოს დაუბრუნონ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით,  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებისთვის ქედაში მინიმუმ 48-ბინიანი კორპუსის აშენებაა საჭირო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.