სიახლეები

“ჟილინის არხის” მშენებელი კომპანია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივლებს

04.03.2015 • 1606
“ჟილინის არხის”  მშენებელი კომპანია  ბათუმის მერიას სასამართლოში  უჩივლებს

ე.წ. “ჟილინის არხის” რეკონსტრუქციას მერიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია “GM HIDRO” აწარმოებდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები წინასწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. ამ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის, უჩა ფუტკარაძის ინფორმაციით, შპს GM HIDRO -ს სამუშაოების შეთანხმების ვადაში დასრულების შესაძლებლობა აქვს.
კომპანია მერიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. “გვაქვს უნარი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ამის დასადასტურებლად მოვიწვიეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს. ჩვენი იურისტი ამბობს, რომ საქმეს მოიგებს”, _ ამბობს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება სამუშაოს შეფერხების მიზეზებს, “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერიამ ე.წ. უავანსო პროექტით შეისყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას არხის რეკონსტრუქცია რამდენიმე ეტაპად უნდა განეხორციელებინა, თითოეული ეტაპის მიღება-ჩაბარების გაფორმებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ კი, მერია კომპანიას უკვე შესრულებული, ანუ ჩაბარებული სამუშაოს ღირებულების ოდენობის თანხას გადაურიცხავდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას პირველივე ეტაპზე მილიონზე მეტი ლარის სამუშაოს შესრულების ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა სამუშაოები წინასწარ გაწერილ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა: `ლარის კურსი აიწია, ამას დაემატა უამინდობაც, იმ კოკისპირული წვიმის დროს ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვიმუშავეთ. ჩამორჩენის მიზეზებზე მერიას წერილობით ვატყობინებდით.”

ის, რომ კომპანიამ სამუშაოები არხში მინიმალური ნალექის დაფიქსირების დროს უნდა განახორციელოს, ხელშეკრულებაშიც წერია: `ჟილინის არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს, როდესაც საჭირო წყალქცევითი სამუშაოები შედარებით ადვილი შესასრულებელი იქნება. არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს (ქანობის მიმართულებიდან გამომდინარე) ქვემოდან ზემოთ. რადგან ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს, იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ”.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისგან, ჟილინის არხის წყალგამტარში წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის პერიოდში. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის ოდენობაშია.

ნალექების მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ, ზღვაში მიერთების წინ, შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლ/წმ. ხოლო მინიმალური ნალექების დროს (გვალვის პერიოდში) 50ლ/წმ-დე მცირდება – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
არხის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება მერიამ უკვე მეორედ ჩაშალა. შპს GM HID0O”-ის დირექტორის თქმით, პრობლემა სამუშაოს სირთულესთან დაკავშირებული არ არის. “ჩვენ უკვე შესრულებული გვქონდა პირველი ეტაპის სამუშაოების 30 პროცენტი, დავხარჯეთ 200 000 ლარი, მზად გვქონდა ფილებიც, რაც იქ უნდა დაგვეგო. პირველი ეტაპის ჩაბარების თარიღის თხუთმეტი დღით გადადებას ვითხოვდით. რაც ჩვენთვის გადამწყვეტი იქნებოდა.”

როგორც ჩანს, კომპანიის წერილობითი ახსნა-განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა და ბათუმის მერიაში ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მშენებელი კომპანია 250 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა დისკვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს GM HID0O” ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ვიდრე კომპანია სარჩელს ამზადებს, მერია სამუშაოების გასაგრძელებლად ახალი კომპანიის შესარჩევად გამარტივებული ტენდერის გამოცხადებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ახალი კომპანიის გამარტივებული წესით შერჩევაზე მერიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან თანხმობა უკვე მიიღო.

„ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ძლიერი წვიმის დროს ბათუმის ქუჩები აღარ დაიტბორება. ახალმა სისტემამ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოხსნას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: