სიახლეები

ქალთა უფლებების მხარდამჭერ აქციას ბათუმიც შეუერთდება

03.03.2015
ქალთა უფლებების მხარდამჭერ აქციას ბათუმიც შეუერთდება

 

აქციის სლოგანებია: „მეტი ქალი პარლამენტში“, „მხარი დაუჭირე ქალების გაძლიერებას!“,  „მხარი დაუჭირე ქალების პოლიტიკაში ჩართულობას!“,  „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში!“

 

„ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.


დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოებისა და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით“ – ნათქვამია აქციის მხარდამჭერთა განცხადებაში.


თბილისში მსვლელობა  ვარდების მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე, სადაც „ქალთა მოძრაობის” წევრები წარმოადგენენ, თუ როგორ ხედავენ ისინი ქალთა გააქტიურებას პოლიტიკაში.  აქციას  ბათუმიც შეუეთდება. ქალთა უფლებების მხარდამჭერები ბათუმში ვარდების სკვერში შეიკრიბებიან.

 

რვა მარტს აქცია თბილისში, გუდიაშვილის სკვერში დასრულდება, სადაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 

 


 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: