სიახლეები

ავტობანი – ქობულეთში ოჯახებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

01.03.2015 • 2196
ავტობანი – ქობულეთში ოჯახებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

 

სოფელ ზედა აჭყველი ბიჭიკო კონცელიძე, ნაკაიძეებლები – იოსებ და თემურ ქამაშიძეები, საჩინოელები – მერი თურმანიძე და ფატი გოგიტიძე ის მესაკუთრეები არიან, რომელთა უძრავი ქონება შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვდა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ   „უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია (დაახლოებით – 90%), მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილ 5 მესაკუთრესთან, რომლებმაც, შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ოფიციალურად წერილობით განუცხადეს უარი“.

 

შემდეგი საკადასტრო კოდებით: №20.47.04.015 [ბიჭიკო კონცელიძე]; №20.39.04.168 და №20.39.04.167 [იოსებ ქამაშიძე]; №20.39.04.060 [თემურ ქამაშიძე]; №20.47.01.100 [მერი თურმანიძე] და №20.47.01.095 [ფატი გოგიტიძე] რეგისტრირებული უძრავი ქონებები განთავსებულია გზის მშენებლობის ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მათ შორის გზისა და მაგისტრალის გაყვანა – მშენებლობისათვის, ხორციელდება ექსპროპრიაცია.

 

სამინისტრომ ჩათვალა, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამიტომ:  „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება“.

 

ექსპროპრიაცია შეეხება:

ბიჭიკო კონცელიძის საკუთრებაში არსებულ 2044 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას;

იოსებ ქამაშიძის საკუთრებაში არსებულ 456 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობას. ასევე ცალკე საკადასტრო კოდით არსებულ მისსავე მიწის ნაკვეთს ფართობით – 901 კვ/მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას;

თემურ ქამაშაძის  – 2519 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას;

მერი თურმანიძის  საკუთრებაში არსებულ 283 კვ/მ მიწის ნაკვეთს და

ფატი გოგიტიძის – 2228 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობას.

 

ზემოაღნიშნულ მესაკუთრეებს მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება აქვთ.

 

ავტობანის მშენებლობა სოფელ ხუცუბანში /ფოტო: ბათუმელები/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: