სიახლეები

1 იანვრამდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულები ჯარიმას აღარ გადაიხდიან

27.02.2015 • 1384
1 იანვრამდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულები ჯარიმას აღარ გადაიხდიან

 

 

საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კი დღეს, 27 თებერვალს გამოქვეყნდა. კანონის მიზანი ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების გატარებაა, რაც ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

 

კანონის მიხედვით, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა“.

 

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), იწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.

 

ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირს ერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

როგორც კანონის მიღებამდე, პროექტის განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარებოდა დაახლოებით 1,2 მილიონამდე ლარი. მაშინ საუბარი იყო ადმინისტრაციული სახდელისაგან იმ პირების გათავისუფლებაზე, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობის გამო 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ. ახალი კანონით ეს ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე გადმოიწია.

გადაბეჭდვის წესი