სიახლეები

ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაური

27.02.2015 • 1783
ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაური

 

ბრალდებულები


გიორგი (სახელი პირობითია) ბათუმში ცხოვრობს და ბოლო შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ის კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. სახლში ის 2013 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა. ბათუმში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ თვეში (2014 წლის იანვარში) ნათესავი დაუკავშირდა და სთხოვა გამოეტანა ამანათი, რომელიც საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. გიორგი ამბობს, რომ მაშინ საჭეს მართავდა, ამიტომ ნათესავს სთხოვა ტელეფონზე მოკლე შეტყობინებით მიეწერა, თუ ვის სახელზე იყო ამანათი. გიორგიმ ნათესავის თხოვნა შეასრულა, მაგრამ, როგორც კი ლერმონტოვის ქუჩაზე მივიდა და შვიდკილოგრამიანი ამანათი გამოიტანა, იგი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს: ფუთაში 0,609 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა. მისი შეცდომა სხვებმაც რომ არ გაიმეორონ, გიორგი თანახმაა მისი საქმე მედიამ გააშუქოს. „მე ვერ ავიღებ ამ მძიმე ტვირთს, ნარკოტიკების შეძენასა და ნასამართლეობის სტატუსს, ამიტომ მე არ მინდა საპროცესო შეთანხმება. მე სრულიად უდანაშაულო ვარ“, – ამბობს გიორგი „ბათუმელებთან“.

 

გიორგის ნათესავი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა გაიგო, რომ გიორგი დააკავეს და აღიარებითი ჩვენებაც მისცა. ბრალდებულის სტატუსიც სწორედ მას შემდეგ მიენიჭა (მან თქვა, რომ ფუთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მას გამოუგზავნეს). საქმის მასალებში ინახება სატელეფონო საუბრების ოქმი.

 

„არ შემშინებია. ვიფიქრე, რომ გაურკვევლობა იყო, ეჭვი არ შემპარვია, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი იქნებოდა ფუთაში. ჩემი თანდასწრებით ფუთა გახსნეს, ტანსაცმელში იყო „ნუთელას“ ქილა, გარედან შეფუთული წებოვანი ლენტით, აი, მაშინ შევშინდი, ქილა გახსნეს და ათი აბი, მოყავისფრო ნივთიერება ამოიღეს (როგორც ექსპერტიზით დადგინდა, 0,609 გრამი ჰეროინი). ავტომანქანაში არაფერი აღმოუჩენიათ. ვუთხარი, რომ ფუთა ჩემი არ იყო. იურისტი არ ვარ, ამიტომ ვარჩიე ადვოკატის მოსვლამდე დუმილის უფლებით მესარგებლა. როცა ჩემს ნათესავს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკავებული ვიყავი და ადვოკატს ვითხოვდი არ დაიჯერა, ეგონა, რომ ვხუმრობდით და ტელეფონს უთიშავდა პოლიციელს… ორი საათის მერე მოვიდა ადვოკატი. გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში… იზოლატორის უფროსმა მითხრა, რომ იქ ყოფნის ვადა მეწურებოდა და თუ რამდენიმე წუთში ბრალს არ წამიყენებდნენ, ვალდებული იყო გავეშვი. ბოლო წუთებში შემიფარდეს აღკვეთი ღონისძიება, როცა უძრავი ქონება ჩავდეთ, პატიმრობიდან გამათავისუფლეს“, – იხსენებს დაკავების დეტალებს „ბათუმელებთან“ გიორგი. წელიწადზე მეტია მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. დამსაქმებელი კომპანია გიორგის ეკითხება, რატომ არ მიდის სამუშაოდ: „დამსაქმებელი კომპანია, როცა გემზე ვართ, ხშირად და მოულოდნელად გვიტარებს ნარკოტესტს. ჩემთვის, როგორც უდანაშაულო ადამიანისა და მეზღვაურისთვის, ეს ბრალდება ძალიან მძიმეა. მე ჯერ ვერ ვეუბნები დამსაქმებელს, სამუშაოდ რატომ ვერ მივდივარ“.

 

სასამართლო დარბაზიდან


ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

გიორგის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლემ იკითხა, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა საპროცესო შეთანხმებას. პროკურორმა თქვა, რომ – არა. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები – ნუგზარ მგელაძე და ირაკლი შავაძე იცავენ. ადვოკატმა შავაძემ სასამართლოს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ამიტომ მათ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მეორე ბრალდებული, 27 წლის გიორგი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შესაბამისად, მის ინტერესში შედის საქმის არსებითი განხილვა, ამიტომაც ადვოკატმა შავაძემ მისი საქმის ცალკე გამოყოფა მოითხოვა: „ჩვენი სურვილია საპროცესო შეთანხმება, გამოვყოთ ეს საქმე ცალკე და გიორგის საქმე განიხილოს სასამართლომ არსებითად“.

 

ადვოკატის ამ შუამდგომლობას გიორგი და მისი უფლებების დამცველი ნუგზარ მგელაძე დაეთანხმნენ, თუმცა შუამდგომლობა გააპროტესტა პროკურორმა: „არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ეს უკვე შეთანხმებულია არამარტო აჭარის პროკურორთან, არამედ მთავარ პროკურორთან. წინააღმდეგი ვარ საქმის გამოყოფის, ეს გამორიცხულია“…

 

ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა – ორი ბრალდებულის საქმეს სასამართლო ახლა ცალ-ცალკე განიხილავს: `ბატონო პროკურორო, ნუ ხართ ასეთი გაბრაზებული. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ პირადი ინტერესი არ გამოძრავებთ ბრალდებულების მიმართ და შესაძლოა დაილაპარაკოთ საპროცესო შეთანხმებაზე“.

 

პროკურორმა თქვა, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც ზედამხედველობას აჭარის პროკურატურის გარდა მთავარი პროკურატურა უწევს და „ყველაფერი გადაწყვეტილია“.

 

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ორივე ბრალდებულის საქმე ცალ-ცალკე განიხილოს, პროკურორმა საქმის გადადება მოითხოვა. მიზეზად მოუცლელობა (სხვა პროცესზე დასწრება) და დეტალების მთავარ პროკურატურაში შეთანხმება დაასახელა. მოსამართლე მამისეიშვილმა კი აქცენტი ბრალის მოხსნაზე გააკეთა:

 

„შვიდი წელია მოსამართლე ვარ. მართალია, არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, მაგრამ შესაძლოა პროკურორმა უარი თქვას ამ ბრალდებაზე, ამიტომ მივცეთ მათ დრო მოსაფიქრებლად, შეუთანხმდეს მთავარ პროკურატურას“.

 

 

სახელმწიფო ბრალდება


პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ბრალდებულებს ადანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის შეძენა და შენახვა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს შვიდიდან 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულები პატიმრობაში არ იმყოფებიან.

 

გიორგიმ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ სახელმწიფო ყადაღის ქვეშ 10 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მას მხოლოდ ბრალის აღიარების სანაცვლოდ თანხის გარეშე სთავაზობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებულმა უარი თქვა ამ გარიგებაზე.

 

გიორგის მართლმსაჯულების იმედი აქვს. მტკიცებულებების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია, მხოლოდ ბრალდებულები არიან დასაკითხი. საბოლოო სიტყვას მოსამართლე დავით მამისეიშვილი იტყვის, თუმცა დაცვის მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ მანამდე პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვას. გიორგი უკვე პირადად შეხვდა აჭარის პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს და საქმის დეტალები გააცნო.

 

სასამართლო პროცესი 2 მარტს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: