მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ არ იბარებს ცოლიკაურს ქედის ღვინის საწარმო

09.10.2017 • 3943
რატომ არ იბარებს ცოლიკაურს ქედის ღვინის საწარმო

ქედაში ყველაზე გავრცელებული საღვინე ჯიშის ყურძენი – ცოლიკაური, უკვე მოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ყურძნის კრეფაც დაიწყო, ქედის ღვინის საწარმოს კი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო, ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყია. მეტიც, საწარმოში ყურძნის ჩაბარების ფასიც კი არ არის განსაზღვრული.

ქედელი ფერმერების თქმით, ქედის ღვინის საწარმო ადგილზე მოწეულ ყურძენს მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ იბარებს, ძვირად ღირებულ ყურძენში კი არასათანადო ფასს სთავაზობს და ამით მევენახე ფერმერებს აიძულებენ ყურძენი საწარმოში ჩასაბარებლად არ მიიტანონ.

ქედის ღვინის საწარმო, რომელიც შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საკუთრებაა, სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, როსტომ შერვაშიძე, რომლის დროსაც საწარმო გაიხსნა, ამბობს, რომ სახელმწიფო გრანტი საწარმოს ასაშენებლად იმ პირობით გაიცა, რომ მეწარმეს ქედაში მოყვანილი ყურძენი უნდა მიეღო. როსტომ შერვაშიძის ინფორმაციით, ღვინის საწარმოს შუახევში დაკრეფილი ყურძნის ჩაბარების ვალდებულებაც აქვს.

საწარმოს დირექტორი, ალექსანდრე დადიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მზად არიან ყურძენი ჩაიბარონ, თუმცა დასძენს, რომ ამ დროისთვის ქედის ცოლიკაურში შაქრიანობა არასაკმარისი ოდენობითაა. რაც შეეხება ადგილზე მოწეული ყურძნის ჩაბარების ვალდებლებას, დირექტორის თქმით, ის ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

„ქედაში ყურძენი მკვახეა, არ მოსულა. ყურძენი რომ ჩავიბაროთ შაქრიანობა მინიმუმ 20 გრადუსი უნდა იყოს. ცოლიკაურის ჩაბარების ფასი ჯერ არ დაგვიდგენია, ვფიქრობთ 10-20 დღეში განისაზღვრება ცოლიკაურის ჩაბარების ფასი, რის შემდეგაც დავიწყებთ ყურძნის მიღებას. ყურძენი ბევრმა თუ დაკრიფა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურძენი მოვიდა“ – ამბობს ალექსანდრე დადიანი.

ქედელი ფერმერი, ფრიდონ სირაბიძე, რომელსაც 25 სახეობამდე ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული ამბობს, რომ ცოლიკაური უკვე დაკრიფა და ყურძენში შაქრიანობის დონეც საკმარისია.

„ოთხი ტონა ცოლიკაური დავკრიფე.  ყურძენს არ ვყიდი, თვითონ ვამზადებ ღვინოს. რაც შეეხება შაქრიანობას, 20 გრადუსია“ – ამბობს ფერმერი

ქედის ღვინის საწარმოში საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებში დაკრეფილი ყურძენი, ან უკვე დაწურული წვენი ჩამოაქვთ და ხდება ღვინის ჩამოსხმა. ქარხანაში სხვა სახეობის ღვინოების ჩამოსხმა-რეალიზაციაც ხდება. იყიდება თუ არა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოწეული ცოლიკაურის ყურძენით დამზადებული ღვინო, ქედის ცოლიკაურის სახელით? –  ალექსანდრე დადიანი ამბობს, რომ სხვადასხვა სახეობის ღვინო, სამარკოდ და მრავალფეროვნებისთვის აქვთ წარმოდგენილი, ქედის სახელით კი მხოლოს ქედაში მოწეული ყურძნიდან დამზადებულ ღვინოს ყიდიან.

„მთის კანონით“, ნებისმიერი საწარმო, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე აღმოსავლეთ რეგიონებში შეისყიდის ყურძენს და ქედაში აწარმოებს, ეს მისთვის მომგებიანიცაა.

ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედაში იმ ოდენობის ყურძენი არ მოდის, საწარმოს ფუნქციონირება უღირდეს: „ქედაში 40-50 ტონა ყურძენი მოდის, საწარმო კი ათეულობით ტონა ყურძენს ამუშავებს, შესაბამისად ჩვენ მხოლოდ ქედის მოსავალს ვერ დავეყრდნობით და ყურძენი სხვადასხვა რეგიონებიდან ამიტომ ჩამოგვაქვს“.

გარდა ცოლიკაურისა, ქედელ ფერმერებს სარეალიზაციოდ ჩხავერიც მოჰყავთ. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან ჩხავერი ყველაზე ძვირად ღირებულია, ძვირად ფასობს ჩხავერისგან დაყენებული ღვინოც. ცოლიკაურისგან განსხვავებით ყურძნის ეს სახეობა შემოდგომის ბოლოს იკრიფება. ჩაიბარებს თუ არა ჩხავერს ქედის ღვინის საწარმო და რამდენს გადაუხდიან ქედელ  ფერმერებს? – ალექსანდრე დადიანი ამბობს – „ჩხავერს ჩავიბარებთ. რაც შეეხება ფასს, ჯერ ვერ გეტყვით, ფასი არ არის დადგენილი, მაშინ დადგინდება, როდესაც ყურძნის დაკრეფის დრო მოვა, ფასი შესაბამისი იქნება“.

ქედის ღვინის საწარმო / ეკა ბარამიძის ფოტოები

ქედის ღვინის საწარმო / ეკა ბარამიძის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: