სიახლეები

რატომ ვერ იჭერენ მეთევზეები შავ ზღვაში თევზს

09.02.2015 • 2061
რატომ ვერ იჭერენ მეთევზეები შავ ზღვაში თევზს

ანაკლიელი მეთევზეები

„ანაკლიაში სამუშაო არაა. ვთევზაობ რომ შემოსავალი მქონდეს. ერთ შესვლაზე  10  კილო თევზი თუ დაიჭირე კარგია. სანაპირო დაცვა უსამართლოდ გვაჯარიმებს. მაგალითად, ჯერ გვითხრეს რაცია 2016 წლამდე არაა საჭიროო, მერე ამაზე ჯარიმა დაგვიწერეს. თან არც გაფრთხილებას გვაძლევენ, არც არაფერი. პირდაპირ 300 ლარიან ჯარიმას წერენ. საიდან უნდა გადავიხადოთ ეს თანხა, ამას არავინ კითხულობს,“ – ამბობს გიგლა გაბელია.

კიდევ ერთი ანაკლიელი მეთევზე ტარიელ მელუა, სათევზაო არეალის დაუდგენელ საზღვრებზე აკეთებს აქცენტს და  ერთ შემთხვევას იხსენებს:

„ანაკლიაში ძალიან მცირე  ტერიტორია გვაქვს სათევზაოდ. იქით აფხაზეთი გვესაზღვრება, აქეთ კოლხეთის ნაკრძალი. მთავარი პრობლემა ის არის რომ საზღვარი არ არის მონიშნული. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ საზღვარს. სად არის საზღვარი, ვერ ვხვდებით. მოდიან, გვაჯარიმებენ და გვეუბნებიან ირიბად გადის ეს საზღვარიო. ნიშნულები არაა ზღვაში, მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაგვაჯარიმონ.  რამდენიმე დღის წინ დამაჯარიმეს ნაკრძალში შეხვედი 200 მეტრითო. გარემოს დაცვა გამოიძახეს, რომელიც ადგენს გარემოსთვის მიყენებულ ზარალს. 365 ლარი დაადგინეს ზარალი.  16 კილოგრამი ზღვის კატა მყავდა დაჭერილი. რომელსაც კილოს 2 ლარადაც  ვერ გაყიდი რომ მოინდომო,“.

შეხვედრა ანაკლიაში მეთევზეებთან

გარდა ჯარიმებისა, მეთევზეებს სხვა პრობლემებიც აქვთ. მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მეთევზე ვალდებულია ნავი წელიწადში ერთხელ გააფორმოს. ამისთვის კი ანაკლიიდან ბათუმში უნდა ჩამოვიდნენ. თუ მეთევზე ხის ნავს ფლობს, შეუძლია ათი დღის ვადაში უფასოდ გაიფორმოს, ხოლო დაჩქარებული წესით გაფორმებისას, 80 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ნავმა ცალკე უნდა გაიაროს ტექდათვალიერება, რომლის ფასი 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ანაკლიის მსგავსი პრობლემები აქვთ გრიგოლეთელ და ქობულეთელ მეთევზეებსაც.  მეთევზეები ამბობენ, რომ ხშირად არ აძლევენ  ზღვაში შესვლის ნებას.

„ხშირად ხდება ისე რომ ზღვაში არ გვიშვებენ. მაგალითად გუშინ არ შემიშვეს ზღვაში,  იმიტომ რომ ორი დღის შემდეგ ელოდებიან ქარს. ასე როგორ შეიძლება. დამრჩა ბადე ზღვაში. ის თევზი კი  გაფუჭდა,“ – ამბობს ავთანდილ წიფურია.

მეთევზეებს ძირითადად სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო აჯარიმებენ. საუბარია სამაშველო ჟილეტზე, სპეციალურ ღამის განათებაზე, სასტვენზე და რაციაზე.  მეთევზეთა თქმით, რაცია მათთვის დამატებითი ტვირთია და ტელეფონით გაცილებით უკეთ ახერხებენ კომუნიკაციას. მეთევზეების პრობლემებს კარგად იცნობს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე. მისი ორგანიზაცია მეთევზეებს ადვოკატირებას უწევს და სამართლებრივად ეხმარება. სწორედ „ფლორა და ფაუნამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  მოაწყო  პრესტური, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მეთევზეთა პრობლემებს გასცნობოდნენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ვაუმჯობესებთ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასაც. მეორეს მხრივ, ვმუშაობთ იმაზე რომ არსებული კანონმდებლობა რომელიც ტენდენციურია და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური, გამოსწორდეს. ვაძლევთ რეკომენდაციებს და ვაწყობთ შეხვედრებს. საზღვაო ადმინისტრაცია ტრადიციული მეთევზეების ნაოსნობის რეგლამენტს მიუდგა როგორც სარეწაო გემების ნაოსნობისას.  ანუ ანალოგიურ ფორმატში მოიყვანა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. რა საჭიროა 6 მეტრიან ნავზე ორი ტიპის რაცია. ეს აბსურდია. არავინ ამის დამდგმელი არაა. შესრულებაც მისი სისულელეა,“ – ამბობს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რომელიც მარეგულირებელია და გამოსცემს ბრძანებებს, რომლის მიხედვითაც შემდგომ სანაპირო დაცვა მეთევზეებს აჯარიმებს, რეგულაციების აუცილებლობას ასე განმარტავენ.

„ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერება, არის აუცილებელი. რაც შეეხება მომსახურეობას, ჩვენ გავითვალისწინეთ მცირე თევზჭერით ვინ არის  დაკავებული, მათი მდგომარეობა და შევიტანეთ ცვლილებები საფასურის წესში. ათდღიანი მომსახურება მათთვის გახდა უფასო.  რაც შეეხება ხის ნავებს, არის მინიმალური მოთხოვნები უსაფრთხოებისთვის, რათა ავარიულ შემთხვევაში მოხდეს მათთან კომუნიკაცია. ე.წ. სამაშველო ჟილეტზე განათება საჭიროა იმისთვის რომ უბედური შემთხვევის დროს მარტივად მოხდეს მათი აღმოჩენა. მცირე ზომის ნავის აღჭურა რაციით –  ეს არის რადიოკომუნიკაციის საშუალება, რომელიც ძალაში შედის 2016 წლის პირველი იანვრიდან.

მობილური ტელეფონი ნამდვილად არის კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ უნდა  გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ხალხი გადის 3000-4000 მეტრზე ზღვაში, რომელიც დიდი მანძილია. თვითონაც აღიარებენ რომ ბევრ ადგილზე იქ მობილური არ იჭერს. წვიმის ან ცუდი ამინდის შემთხვევაში თუ დასველდება სავსებით შესაძლებელია რომ არ იფუნქციონიროს მობილურმა. რაციის მეთექვსმეტე არხი არსებობს, რომელიც მოდის როგორც ჩვენთან სააგენტოში, ასევე პორტებში. უბრალოდ გამვლელ გემსაც შეუძლია ეს გაიგონოს. უფრო მასშტაბურია. აქედან უფრო დიდი შანსია, დახმარების საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება მათ,“ – განაცხადა  რაფიელ ნინუამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა.

 

 

გადაბეჭდვის წესი