სიახლეები

მოსმენები პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე

08.02.2015 • 1380
მოსმენები პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე

 

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახლახო დამცველის ანგარიშით 12  სახელმწიფო უწყებას მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც 2014 წლის პირველი აგვისტოს დადგენილებით საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა.

 

შესაბამისად, 12 სამინისტროს დაევალა რეკომენდაციების შესრულება. ვალდებულების მიხედვით მათ 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საკუთარი ანგარიშები უნდა წარმოადგინონ.

 

10 თებერვალს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია. 

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს შემდეგი უწყებები:

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს მთავარი პროკურატურა;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია:

 

ა) პატიმრის სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს პატიმრისათვის გადაყვანის საფუძვლისა და მიზეზის გაცნობა და შესაბამისი აქტის შედგენა, აგრეთვე პატიმრისათვის იმის განმარტება, რომ მას აქვს გადაყვანის შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება;

 

ბ) ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოყოს შეხვედრების ოთახი, სადაც საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ნებისმიერ დროს შეხვდებიან პატიმარს ყოველგვარი მიყურადებისა და თვალთვალის გარეშე;

 

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პატიმრის სხეულზე დაზიანების კვალის ფოტოგადაღების მეშვეობით დაფიქსირების სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით;

 

დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეუქმნას იმგვარი საცხოვრებელი პირობები, რომლებიც არ ლახავს მათ ღირსებას და უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას;

 

ე) უზრუნველყოს არასრულწლოვანი პატიმრების სრული იზოლაცია სრულწლოვანი პატიმრებისაგან; ვ) სტამბოლის ოქმის შესაბამისად შეიმუშაოს და დანერგოს სხეულზე არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც შესაძლებელი გახდება ასეთი დაზიანების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანა.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კი მიეცა რეკომენდაცია:

 

კანონით დადგენილი წესით პერიოდულად შეამოწმოს ის საწარმოები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას და საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

კომიტეტის სხდომა 10 თებერვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტის 
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზშია დანიშნული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: