ნეტგაზეთი • RU

როგორ ებრძვის მთავრობა წითელას – 2015 წლის სტრატეგია

 

წითელას გავრცელების პრევენციისთვის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყოფა. საქართველოს მთავრობამ სპეცილური განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით  წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩამონთვალი დამტკიცა.

 

 

 

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა განხორციელდეს არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკა (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, მათ შორის:

 

ა) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით აცრა არასრულად აცრილ ან აუცრელ 2001 -2009 წლებში დაბადებულ ბავშვებში, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;


ბ) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით აცრა 1985 -2000 წლებში დაბადებულ პირებს შორის (გარდა, 2013-2014 წლებში აცრილი პირებისა), აცრის სტატუსის მიუხედავად;

 

გ ) სამედიცინო პერსონალის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

 

დ ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;

 

ე ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;

 

ვ ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;

 

ზ ) სხვა კონტინგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით;

 

აუცილებელი ხდება ეპიდზედამხედველობის გაძლიერება გამონაყრითა და ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე; ამასთან არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, აცრა-ვიზიტის მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება უნდა განხორციელდეს არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით და მისი ღირებულება განისაზღვრა 1 ლარის ოდენობით;

 

არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით, გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდებათ იმ სამედიცინო დაწესებულებებს და ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და დარეგისტრირებულნი არიან ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად.

 

ზემოაღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს 2015 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტში პროგრმისთვის – „იმუნიზაცია“   გათვალისწინებული ასიგნებებიდან 30 ათასი ლარი  გამოიყოფა გაწეული/გასაწევი მომსახურების (აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაცია) ასანაზღაურებლად.

 

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კი უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციისთვის საჭირო ღონისძიებები;

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება,  ამ ცენტრების სპეციალისტთა მიერ წითელას კერების (ოჯახური, სასწავლებელი/სამუშაო და სხვა)  შესწავლისა და კონტაქტირებულთა აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ ტრანსპორტირება;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, ვალდებულია ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოავლინოს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები და ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებრივი ჯნდაცვის  ცენტრებს;

 

სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის აცრის სტატუსის თაობაზე ინფორმაციის წერილობითი ფორმით (მ.შ. სამედიცინო დოკუმენტის სახით) უსასყიდლოდ გაცემა;

 

14 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი ან აუცრელი ბავშვების და 14 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვების (მიუხედავად აცრის სტატუსისა) გამოვლენის შემთხვევაში, მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ჯანდაცვის ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად ან სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩამოყალიბებული გამსვლელი ამცრელი ბრიგადების მეშვეობით, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე