ნეტგაზეთი • RU

მედეა ვასაძე ავთანდილ ბერიძეს: „ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფეისბუქის “ გვერდზე გამოქვეყნდა მედეა ვასაძის წერილი, რომელშიც ის საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს სტრასბურგში რეგიონის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიების „ ჩაშლაში“ ადანაშაულებს და ამ ფაქტს მის მიმართ სიბიექტური დამოკიდებულებით ხსნის. „ბათუმელები“  წერილის ავტორთან  დაკავშირებას ამ წუთებშიც ცდილობს, პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ არაფერი იციან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მედეა ვასაძე და ავთანდილ ბერიძე აქამდე ერთ უახლეს გუნდად განიხილებოდნენ და ასევე ის, რომ მედეა ვასაძე სტრასბურგში დაგეგმილ კონგრესში მონაწილეობისთვის ემზადებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ ავთანდილ ბერიძეს
ბატონო ავთანდილ,

ჩვენს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, რომელიც უკავშირდება სტრასბურგში, 2015 წლის 24-26 მარტს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენის ფორმატს და სხვა საკითხებს, მიმაჩნია მიუღებლად, მით უფრო, იმ ეტაპზე, როცა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მიმაჩნია, რომ თუ კი საკითხისადმი უკვე გამჟღავნებულ მიდგომებში არ დევს რეგიონის მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის ნაწილი, მაშინ ამ ღონისძიების „ჩაშლაში“ (რადგან ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ) დევს ჩემდამი სუბიექტური დამოკიდებულება.  მე, მთელი ჩემი პოლიტიკური, მოქალაქეობრივი და პიროვნული თვითშეგნებით არ დავუშვებ ამ დამოკიდებულების რეგიონის ინტერესებზე გადასვლას და მით უფრო ასახვას. გამომდინარე აღნიშნულიდან, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ უარს ვამბობ ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგბლობას ორგანიზაციულ საკითხებზე და იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არცერთი ნაბიჯი, ამ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან შეუთანხმებლად არ გადმიდგამს, ხოლო, მეორეს მხრივ, ყველაფერი ეს, გასული წლის 10 დეკემბრიდან, წერილობით იყო ცნობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისათვის, ორთავე თქვენთაგანს უპირველესად, მოგიწოდებთ, რეგიონში (და არა მარტო რეგიონში) მოღვაწე იმ ფრიად საპატივემულო ადამიანებისათვის ბოდიშის მოხდაზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა და ჩაატარეს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.

იმის გამო, რომ ჩემი ეს პოზიცია გაგებული იქნას მართებულად, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის არგუმენტები, რომლებიც თქვენგან მოვისმინე, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია და მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძიება არ უნდა იყოს მასშტაბური. აღნიშნული, არ გახლავთ მართებული იმდენად, რამდენადაც ღონისძიების მიზანი, თავიდანვე, გახლდათ მისი ეფექტურობა, ანუ მასშტაბურობა, რომელიც შეიძლება, რომ საჭიროებდეს პომპეზურობასაც კი. სხვა შემთხვევაში ის, რასაც თქვენ მთავაზობთ, შინაარსობრივად და მიზნობრივად არის „განწირული“ და მასზე გახარჯული თანხები იქნება „წყალში გადაყრილი“, რომელიც, ვფიქრობ, რომ თქვენ ჩემზე უკეთ გესმით. ისევე, როგორც გესმით ის, რომ ღონისძიებაში აკადემიური და ბიზნეს წრეების, მედისაა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯზე მონაწილეთა რაოდენობის შემცირებაც (რომლებიც თვითდაფინანსებით ხორციელდებოდა) არ გახლავთ მართებული, რადგან აღნიშნული წრეების, ამ ღონისძიებაში, ჩართულობას აქვს თავისი დანიშნულება, მიზანშეწონილობა და გარკვეული ხიბლიც კი. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამ ღონისძიების მიზანშეუწონლობას, მე ვწუხვარ ამ მოვლენების გამო, მაგრამ ასეთს ვერ აღვიქვამ ჩემი ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად, მით უფრო, რომ ჩვენი წინადადება მიღებული იქნა კონგრესის ბიუროს სხდომაზე.

ამიტომ, მიმაჩნია (თუ ჩემს პიროვნულ ფაქტორს გამოვრიცხავ), რომ ეს არის საბაბი და არა მიზეზი და აღიქმება რეგიონის ევროპასთან ინტეგრაციის მცდელობის (არამცთუ დაბლოკვად) არამედ ხელყოფად და იმათთვის, ვინც ამ ტერმინს გამიხდის სადაოდ, მთელი ორი წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მივლინებების მიზნობრიობაზე და ხარჯებზე ანალიზით, შევქმნი მტკიცებულებებს, რომ ყველა ერთად აღებული ამ მივლინების შინაარსი, შედეგი და დანახარჯი არ გახლავთ ამ ღონისძიების საპირწონე.
ვწუხვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა.

პატივისცემით,
აჭარის ა.რ. უმაღლესი
საბჭოს წევრი მედეა ვასაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"