სიახლეები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსისა და მისი ოჯახის წევრების ქონება

29.01.2015 • 1829
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსისა და მისი ოჯახის წევრების ქონება

თენგიზ ცინცაძე
თენგიზ ცინცაძე

ბათუმის ცენტრში, საბაჟოს ქუჩის 4/6-ში მდებარე შენობის ერთ მესამედზე მეტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ამ დროისთვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცინცაძემ გასულ წელს დაირეგისტრირა. რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობის დაზუსტებული ფართობი სხვენის ჩათვლით 535 კვადრატული მეტრია, აქედან 382,57 კვადრატული მეტრი (სხვენის ჩათვლით) თენგიზ ცინცაძის საკუთრებაა.

„ეს ადრე ვიყიდე, დამწვარი სახლია. თუ იყავით მისული მიხვდებოდით, რომ იქ არ იცხოვრება“, – უთხრა თენგიზ ცინცაძემ „ბათუმელებს“.

თენგიზ ცინცაძე დედასთან და ძმასთან ერთად თანასაკუთრებაში ფლობს ასევე საცხოვრებელ ბინას ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე #47-ში. ამ ბინის გარდა თენგიზ ცინცაძის დედის – ნაზი ბერიძის სახელზე საჯარო რეესტრში კიდევ ორი ბინა გორგილაძის ქუჩაზე მშენებარე სახლში (მთლიანობაში 155,4 კვ/მ) და ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე რამდენიმე კომერციული ფართობი იძებნება, სადაც ამ დროსთვის ტექნიკის მაღაზია, სილამაზის სალონი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ლომბარდი და სხვადასხვა კომერციული ობიექტია განთავსებული. რეესტრის მიხედვით ეს ქონება თენგიზ ცინცაძის დედამ 2015 წელს დაირეგისტრირა.

რეესტრის მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში თენგიზ ცინცაძის დედის ნაზი ბერიძის ქონება ასე გამოიყურება:

ბათუმში, . გამსახურდიას ქუჩაზე, #47-ში, პირველ სართულზე საცხოვრებელი ფართობი 32,40 კვ/;

ბათუმში, . გამსახურდიას ქუჩაზე, #47-ში, პირველ სართულზე არასაცხოვრებელი ფართობი 9,15 კვ/;

ბათუმის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში, #166ში, მე11 სართულზე 62 კვ/ ბინა;

ბათუმის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში, #114-ში მე-11 სართულზე 93,40 კვ/ ბინა;

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #11-ში 39,60 კვ/ არასაცხოვრებელი ფართობი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ში 55,51კვ/ არასაცხოვრებელი ფართობი;

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ში 26,50კვ/ არასაცხოვრებელი ფართობი.

 

 

კომერციული ფართობები ჭავჭავაძის ქუჩაზე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული არასაცხოვრებელი ფართობი, სადაც ახლა კომერციული ობიექტებია განთავსებული, თენგიზ ცინცაძის დედამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსგან აუქციონის წესით 2008 წელს შეისყიდა (ოქმი #13; 117; 118; 119: ოქმები ნოტარიუსმა მ. ჭინჭველიშვილმა დაამოწმა). ამ დროს თენგიზ ცინცაძეს ჯერ „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ გაკოტრების მმართველის, შემდეგ კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ხომ არ დაეხმარა ნაზი ბერიძეს სახელმწიფოსგან ქონების შეძენაში შვილის თანამდებობრივი მდგომარეობა? – ამაზე თენგიზ ცინცაძე პასუხობს, რომ ნაზი ბერიძემ  ქონება ღია აუქციონის წესით შეისყიდა.

ჭავჭავაძის ქუჩაძე ნაზი ბერიძის საკუთრებაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებში მომუშავეებიდან ადგილზე მესაკუთრის სახელი და გვარი არავინ იცის. ერთ-ერთმა მეწარმემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მესაკუთრე ვინმე შაქარაძეა:

„ოცი წელია აქ ვმუშაობთ, სხვა მესაკუთრე მე არ ვიცი“. შემდეგ კი იმავე პიროვნებამ გვერდით მომუშავე ქალს ხელით ანიშნა (რეესტრის მონაცემებით მეზობელი ობიექტიც ნაზი ბერიძის საკუთრებაა-ავტ.), რომ „ბათუმელების“ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გაეცა, რაც ქალბატონმაც გაითვალისწინა.

თენგიზ ცინცაძე „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ დედის ქონებასთან მას კავშირი არ აქვს. „დედაჩემი ჩემთან არ ცხოვრობს, ოჯახის წევრად არ ითვლება. გამომდინარე აქედან მისი ქონების შესახებ არც ერთ კითხვას არ ვუპასუხებ“, – განაცხადა თენგიზ ცინცაძემ, თუმცა მან კითხვებს ნაწილობრივ მაინც უპასუხა: „დედაჩემს აქვს საინტერესო ბიზნესი, რომელიც თავისას იხდის“. თუმცა, ნაზი ბერიძის სახელზე დარეგისტრირებული დოკუმენტები, რითაც მისი ბიზნესსაქმიანობა დადასტურდება, „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრში ვერ აღმოაჩინა.

„ჩვენ ძალიან დიდი ვალები გვაქვს ბანკში“, – აცხადებს თენგიზ ცინცაძე, რაც რეესტრის მონაცემების მიხედვით გარკვეულწილად დასტურდება: ჭავჭავაძის #9-სა და #11-ში რეგისტრირებული ქონება „საქართველოს ბანკის“ მიერ იპოთეკით არის დატვირთული.

თენგიზ ცინცაძეს მიაჩნია, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ „ბათუმელები“ არ უნდა დაინტერესდეს, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ის სიპის ხელმძღვანელია და ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ აქვს: „თუმცა დასამალიც არაფერი აქვს“.

სიპის ხელმძღვანელს კანონი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის მოვალეობისგან მართლაც ათავისუფლებს, თუმცა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ იკრძალება. 

მშენებარე კორპუსი გორგილაძის ქუჩაზე

თენგიზ ცინცაძემ, რომელსაც „დასამალი არაფერი აქვს“ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვალები აქვს და ამ დროისთვის ბიძაშვილის ბინაში ქირით ცხოვრობს.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვს თენგიზ ცინცაძის ძმას – როსტომ ცინცაძეს, რომელიც გასულ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს დეტექტივად მუშაობდა და გასულ წელს ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

სახლი საბაჟოს ქუჩაზე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც როსტომ ცინცაძემ 2014 წლის 17 ნოემბერს შეავსო, ის ამ დროისთვის მნიშვნელოვან ქონებას არ ფლობს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება, არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის შევსების დროისთვის როსტომ ცინცაძის საბანკო სახელფასო ანგარიშზე 1500 ლარი ირიცხებოდა. წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მას 17 505 ლარი მიუღია. როსტომ ცინცაძე დედასთან ერთად თანასაკუთრებაში ფლობს 32.40 კვ/მ ბინას ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე. მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სუფთაა გრაფა ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებაც.

„ჩემს სახელზე არაფერი არ არის. ერთი მანქანა მაქვს, რისი ღირებულებაც 10 000 ლარს ზემოთ არ არის – 3000-ლარიანი მანქანაა, ამიტომ არ ჩამაწერინეს. რაც შეეხება დედის ქონებას, ის ჩემთან არ ცხოვრობს და ჩემი ოჯახის წევრად არ ითვლება“, – უთხრა როსტომ ცინცაძემ „ბათუმელებს“.

ბინა გამსახურდიას ქუჩაზე

ნაზი ბერიძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე სცადა, მას საცხოვრებელ მისამართზეც მივაკითხეთ, თუმცა უშედეგოდ. მასთან დაკავშირებაში დახმარებაზე ორივე შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა – „არ არის საჭირო“.

თენგიზ ცინცაძე საჯარო სამსახურში 2004 წელს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წამყვან სპეციალისტად დასაქმდა. 2005 წლის მარტში აჭარის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს სპეციალისტად გადაიყვანეს. ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ოთხ თვეში ის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის უფროსად დააწინაურეს.

2008-2009 წლებში თენგიზ ცინცაძე ჯერ „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ გაკოტრების მმართველად, შემდეგ კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2011 წელს თენგიზ ცინცაძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ჩაიბარა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი ადგილი სააგენტოში ბიძინა აფხაზავამ დაიკავა, თენგიზ ცინცაძე კი მოადგილის თანამდებობაზე გადავიდა.

2013 წელს ბიძინა აფხაზავა თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ის სააგენტოში სამუშაოდ დარჩა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბიძინა აფხაზავას დღეს მოადგილის თანამდებობა უკავია. თენგიზ ცინცაძე კი დღემდე სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

გადაბეჭდვის წესი