მთავარი,სიახლეები

მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო

19.09.2017
მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო

ბათუმში, კაჩისნკების ქუჩაზე, მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ და სამსახურიდან დაუსაბუთებლად დაითხოვეს. 8 სექტემბერს აქ მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლები ამბობენ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამო იყო შეჩერებული მშენებლობა. სამსახურში დაბრუნებულებს კი, მუშაობის საშუალება აღარ მისცეს.

„12 სექტემბერს იყო დაკრძალვა, მერე ისევ სამსახურში გამოვედით. ოჯახმა მოგვმართა თხოვნით, რომ ორი-სამი დღით იქნებ პატივი მიაგოთ, 9 დღე მაინც გავიდესო. უფროსებიც იქ იყვნენ. არ უთქვამთ, არ წახვიდეთო. დავიშალეთ იმ პირობით, რომ ორშაბათს მოვიდოდით სამსახურში. მოვედით გუშინ მშენებლობაზე და აღარ შეგვიშვეს,“ – გვიყვება თენგიზ თავდგირიძე.

მშენებლების თქმით, კომპანიამ ერთდროულად 200-მდე მუშას უთხრა უარი სამსახურზე. „მენეჯერი იცვლებაო, სხვა კომპანია შემოდისო, სხვა ადამიანები იმუშავებენო, თქვენ რატომ გიშვებთო, ეს ვერ გვითხრეს. ის დღე რატომ მიატოვეთო, ეს დაუსახელებიათ მიზეზად, ჩვენდა დაუკითხავად რატომ წახვედითო, მაგრამ ოჯახის თხოვნა იყო და მიცვალებულების გამო შევაჩერეთ მუშაობა,“ – ამბობს გიორგი ბესტაევი.

„არავინ არ გაგვიშვია სამსახურიდან,“ – ამბობს კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი რაულ კახაძე. მისი თქმით, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კომპანიამ დამატებით ახალი ბრიგადის აყვანა გადაწყვიტა და ამის გამო არ შეუშვეს მუშები მშენებლობაზე. „ერთი ბრიგადა უნდა დავამატოთ. ეს ჩვენი უფლებაა, ავიყვანოთ დამატებით თანამშრომლები. ეს იყო რაღაც გაურკვევლობა. სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდება, კონკრეტულად როდის, ჯერ არ ვიცი,“- უთხრა რაულ კახაძემ „ბათუმელებს“.

გაირკვა თუ არა, რის გამო დაიღუპა ორი მშენებელი? – ამ კითხვაზე რაულ კახაძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. აქციის მონაწილე მშენებლების თქმით კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიუხედავად, ამწე კრანის ტროსი გაწყდა.

 

aqcia 2

aqcia 3

მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: