Batumelebi | ოქრო, „ექსტაზი“, მარიხუანა – დარღვევები საბაჟოზე ოქრო, „ექსტაზი“, მარიხუანა – დარღვევები საბაჟოზე – Batumelebi
RU | GE  

ოქრო, „ექსტაზი“, მარიხუანა – დარღვევები საბაჟოზე

 

არადეკლარილებული ოქროს, ფულის, მედიკამენტებისა თუ ნარკოტიკების შემოტანის მცდელობები – ეს ის კანონდარღვევებია, რაც ყველაზე მეტად ფიქსირდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. შემოსავლების სამსახური კანონდარღვევათა  აღმოჩენის ფაქტებს პერიოდულად აქვეყნებს. მიმდინარე თვის სტატისტიკა კი ასეთია:

 

სარფის საბაჟო
სარფის საბაჟო

დიდი რაოდენობით ოქროს დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქე დ.ჰ.-ს ბარგის დათვალიერებისას 2676,26 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 126 801,21 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა აჭარის ფინანსურ პოლიციას. 

 

„სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ. გ., რომელსაც აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ოქროს ყელსაბამი – 31 ცალი (71,14 გრ.), ოქროს კულონი ხელოვნური თვლებით – 6 ცალი (13,45 გრ.), ოქროს კულონი – 12 ცალი (26,87გრ.). საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2569,75 აშშ დოლარი (4942,14 ექვივალენტი ლარში.). კანონდარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4942,14 ლარი.

 

ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით  182,02 გრამი, აღმოჩნდა საბაჟო პროცედურებისას საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ბარგშიც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“. საქართველოს მოქალაქე ა.მ. შეეცადა, კანონის გვერდის ავლით, 5 ცალი საყურე, 4 ცალი ბეჭედი, 26 ცალი კულონი და 45 ცალი ჯვარი შემოეტანა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 12143  ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის თანახმად პირს, სანქციის სახით,  12143  ლარის  ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

 

„სარფის“ ტერიტორიაზე  თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი.ა., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების  შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 25 000 აშშ დოლარი და 3400 თურქული ლირა აღმოაჩინეს.

ასევე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“. აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე გ. ე.-ს,  დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული თანხა – 34 900 აშშ დოლარი – აღმოუჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ორივე პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

 

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის მხრიდან შემოვიდა, საქართველოს მოქალაქე ა. ა., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 28 კაფსულა ფქსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის პრეპარატი LYRICA-pregabalin აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის რუსთავის განყოფილებას.

ასევე მედიკამენტი LYRICA-pregabalin აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სგპ „სარფის“ ტერიტორიაზე. მედიკამენტი თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე გ.ე.-ის კუთვნილი ავტობუსის დათვალიერებისას იპოვეს. ავტობუსშო მედიკამენტის 56 კაფსულა იყო გადამალული.

ამის შემდგომ, ამავე ავტობუსში, კინოლოგიური სამსახურის სასამსახურო ძაღლის დახმარებით, აღმოჩენილ იქნა  ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა – 13,61 გრამი და „ექსტაზი“ – 4 აბი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.

 ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები LYRYCA – 25 აბი და  GABAGAMA – 18 აბი აღმოაჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტის“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქე  მ.გ.-ის ხელბარგის  დათვალიერებისას. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს  კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოს.

 

ასევე აკრძალული მედიკამენტის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.რ.-ის ავტომანქანაში მათ 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი  TRAMADOL აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპტრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.

 

4250,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“, რუსეთის მოქალაქე ა.ი.-მ. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საერთო წონით 101,13 გრამი არადეკლარირებული საქონელი მგზავრის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის თანახმად, პირს, სანქციის სახით  4250,49 ლარის  ოდენობით ფულადი  ჯარიმა შეეფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"