სიახლეები

სტაჟირება უცხოეთში

11.01.2015 • 1337
სტაჟირება უცხოეთში

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

ქვეპროგრამის მიხედვით, მასში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე ასაკის, მოქალაქეს,  რომელსაც აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ფლობს იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც სტაჟირებას გაივლის.

 

სტაჟირების პერიოდი, რომლის ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა, მოიცავს ერთთვიან უცხო ენის ინტენსიურ კურსს, პროფესიულ პრაქტიკას პროგრამის მონაწილე ევროპის რომელიმე რეგიონის კერძო ან საჯარო სტრუქტურაში და მიმღები რეგიონის მიერ შემუშავებულ კულტურულ პროგრამას.

 

სტაჟიორი ფინანსდება მასპინძელი რეგიონის  ბიუჯეტიდან და აკომოდაციისა (შეწყობა/შეთანხმება) და კვების ხარჯების დაფარვის მიზნით, მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 700-დან 800 ევრომდე. სტაჟიორი დაზღვეული იქნება ევროპის რეგიონთა ასამბლეის მიერ. მიმღები რეგიონი არ აანაზღაურებს სტაჟიორის მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს.

 

ქვეპროგრამა ემყარება ახალგაზრდების ურთიერთგაცვლის პრინციპს, აქედან გამომდინარე, აჭარის რეგიონში 3-თვიანი ვადით მოწვეულ იქნება 2 უცხოელი სტაჟიორი.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაციისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

განცხადება მინისტრის სახელზე;

სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმა;

საერთაშორისო პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლი;

მოქალაქის საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში გაცემული საგანამანთლებლო დოკუმენტის შემთხვევაში – აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიზნით წინა წლებში დარეგისტრირებული პირები, რომელთა კანდიდატურა მაღალი საკონკურსო პირობების გამო ვერ შეირჩა პარტნიორი რეგიონების მიერ, ხელახალი რეგისტრაციისათვის წარადგენენ მხოლოდ განცხადებას. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება 2 ეტაპად:

პირველ ეტაპზე, სამინისტროში დარეგისტრირებულ აპლიკანტთა პირად საქმეს შეისწავლის მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესარჩევი კომისია. კომისია განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ქვეპროგრამით დადგენილ მოთხოვნებთან და აპლიკანტთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე ამოწმებს მათ მოტივაციას და უცხო ენის ცოდნის დონეს.

 

კომისიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატს, უფლება ეძლევა დარეგისტრირდეს პროგრამა ევროოდისეას ვებ-გვერდის (www.eurodyssee.eu) მეშვეობით, სააპლიკაციო ანკეტის განთავსების გზით. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კანდიდატის სააპლიკაციო ანკეტის გადაგზავნას პროგრამის ფარგლებში არსებულ ვაკანსიებზე.

 

მეორე ეტაპზე, მიმღები რეგიონის კოორდინატორი, შეისწავლის კანდიდატის სააპლიკაციო ანკეტას და მასთან სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებზე გასცემს ფინანსურ დახმარებას ერთჯერადი გასაცემლის სახით – 950 ლარის ოდენობით. ბენეფიციარები სტაჟირების დასრულების შემდეგ სამინისტროში წარმოადგენენ სტაჟირების სერტიფიკატს და დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ მიღებულ გამოცდილებას.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არანაკლებ ექვსი თვით ადრე განცხადების შემოტანის დღიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: