Batumelebi | ოდესელი წყვილის ”CHOCOLATTE” ბათუმში ოდესელი წყვილის ”CHOCOLATTE” ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ოდესელი წყვილის ”CHOCOLATTE” ბათუმში

 

 

ახალი წლის დღეებში, ბათუმში, მემედ აბაშიძის #13–ში ახალი კაფე „CHOCOLATTE გაიხსნა. „ჩოკოლატეში“ 23 წლის ცოლ–ქმარი ირინა და არტირი მუშაობენ. მათ კაფეს მცირე სივრცე მაქსიმალურად გამოიყენეს და თავიანთი ხელით შექმნეს კაფეს ინტერიერი.

არტიური და ირინა CHOCOLATTE-ს ბართან

„ჩოკო“ უკრაინულად შოკოლადს ნიშნავს, „ლატე“ კი ფრანგული სიტყვაა და აღნიშნავს დასალევს, მაგალითად რძეს, ყავას. „ჩოკოლატე“ ასეთი სიმბიოზია – დესერტი დასალევთან ერთად. ჩვენ არ გვაქვს მძლავრი სამზარეულო. ჩვენ მსუბუქი დესერტი  ბლინები, პეჩენიები, ბულკები, სხვადასხვა სახის ყავასა და წვენთან ერთად. შეგიძლიან მიირთვათ, როგორც ადგილზე ასევე წაიღოთ ყავა ან დესერტი სახლში“ – გვაცნობს არტური „ჩოკოლატეს“.

ირინა ხოლოსტენკო და არტურ ნაზარენკო უკრაინის ქალაქ ოდესიდან არიან. ისინი საქართველოში სამოგზაუროდ გასულ წელს ჩამოვიდნენ. მოიარეს საქართველოს რამდენიმე ქალაქი და ბათუმში დარჩენა გადაწყვიტეს.

„ბათუმი ჩვენი ქალაქის მსგავსი აღმოჩნდა. აქაური არქიტექტურა ოდესის არქიტექტურას ჰგავს. ჩვენი ქალაქიც, როგორც ბათუმი საზღვაო და ტურისტული ქალაქია. აქ ავიხდინეთ ჩვენი პატარა ოცნება“– ამბობს არტიური.

„პატარა ოცნებას“ „ჩოკოლატეს“ უწოდებენ, რომლის გახსნისთვისაც თავიანთი დანაზოგი გამოიყენეს და ორი თვე მუშაობდნენ.

„როცა შევაგროვეთ პატარა კაპიტალი გვქონდა ოცნება გვეყიდა ავტომობილი, ან გადაგვეხადა ქორწილი. მაგრამ ბოლოს ეს პროექტი ვამჯობინეთ. თუკი საქმე კარგად წაგვივიდა მერე მანქანასაც შევიძენთ და ქორწილსაც გადავიხდით“ – ამბობენ ირინა და არტური.

 

კაფეს მთავარი მენიუ უკრაინული ბლინებია, სხვადასხვა შიგთავსით. მაგალითად კარტოფილით, კომბოსტოთი, ხაჭოთი, ხორცით, ასევე რძით, თაფლით, შოკოლადით.

„ჩვენ ვამზდებთ უკრაინულ ნაციონალურ ბლინებს, რომლის რეცეპტიც ბებიამ გადმოგვცა. ბლინები იდეალურია, როგორც საუზმისთვის ასევე დესერტისთვის“.

თითოეული ბლინის წონა 20 გრამია და მათი ფასი 50 თეთრიდან ერთ ლარამდეა. 50 თეთრი ღირს ბლინი შიგთავსის გარეშე. ბლინი თაფლის, რძის, შოკოლადის შიგთავსით – 70 თეთრი, ხოლო ბლინი ხორცით – ერთი ლარი.

„ჩოკოლატე“ დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. კაფეს ღია მენიუ აქვს და იქ შესულს ინტერიერის დათვალიერებისას შეუძლია შეარჩიოს სასურველი ყავა, დესერტი ან წვენი. აუცილებლად მოგხვდებათ თვალში კედელზე ჩამოკიდებული ცნობილი ადამიანების კარიკატურები, მაგალითად მაიკლ ჯექსონის, ჩარლი ჩაპლინის, ჩე გევარას. არტური ამბობს, რომ „ეს არის ჩვენი ინტერპრეტაცია „ჩოკოლატეში“  შემოსული ადამიანისთვის კარგი გუნების შესაქმნელად. მან არა მარტო უბრალოდ უნდა დალიოს ყავა და წავიდეს, არამედ ცოტათი მოდუნდეს და განიტვირთოს. ფერებიც ასეთი გარემოს შესაქმნელად გვაქვს შერჩეული“.

ირინამ და არტურმა ერთმანეთი ოდესაში გაიცნეს. ერთად თანაცხოვრებაზე კი ოფიციალურად 22 დეკემბერს ბათუმში იუსტიციის სახლში მოაწერეს ხელი. ისინი ახლა „ბენზეში“ მეგობართან ერთად ცხოვრობენ. არტური პროფესიით მზარეულია, ირინას კი ბარმენობა სურდა.

არტური:  „ენერგეტიკის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ზღვაში უნდა წავსულიყავი მზარეულად და სწავლა აღარ გამიგრძელებია. შემდეგ, მოხდა ისე, რომ შევხვდი ირინას და მივხვდი, რომ შორს ზღაში ვერ წავიდოდი და მას მარტო ვერ დავტოვებდი“.

ირინა:  „მეორე კურსიდან გამოვედი და დედას ვუთხარი – აღარ მინდა სწავლის გაგრძელება, მინდა ვიმუშაო. მუშაობა დავიწყე ოფიციანტად, რესტორანში, შემდეგ სასტუმროში. მინდოდა ბარმენი გავმხდარიყავი, მაგრამ სამუშაოდ არ ავყავდი არავის, რადგან ბარმენის ადგილი მაღალია, მე კი დაბალი ვიყავი. ახლა  კი ნამდვილად შემიძლია ბარმენად მუშაობა ჩემს კაფეში“.

ირინა და არტური ბათუმში დიდხანს აპირებენ დარჩენას.

„CHOCOLATTE“ ჩვენი პატარა ოცნებაა, რომელიც იმედი გვაქვს, თანდათან გაიზრდება. ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს ყველა დეტალი გამოვიყენოთ და საინტერესოდ შევქმნათ. ვგეგმავთ პროექტორის დამონტაჟებას და თემატური კინოსაღამოების მოწყობას“– გვეუბნება ირინა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი