ნეტგაზეთი • RU

მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა და სახდელები

 

ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით მასწავლებელს შესაძლოა მისცენ შენიშვნა; გამოუცხადონ საყვედური; სასტიკი  საყვედური ან გაათავისუფლონ სამსახურიდან. დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესითაც.

 

 

 

მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, 30 დეკემბერს გამოსცა. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. რაც შეეხებ კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს, მას განსაზღვრავს კერძო სკოლა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ  მათი შინაგანაწესის ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

მასწავლებლის  დისციპლინური გადაცდომაა:

„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა;

საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები  შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

 

დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.

დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. 

 

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს [ასეთ დროს დისციპლინური წარმოება იწყება: სკოლის სამეურვეო საბჭოს ან სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე].

დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს.

 

მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

 

მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ეგზავნება სკოლის დირექტორს.

 

იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას იგი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი აქტის გამოცემაზე. ხოლო ასეთი  აქტის გამოცემის შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

 

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

 

სკოლის დირექტორის ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაძლოა გასაჩივრდეს  სამეურვეო საბჭოში, ან სააპელაციო კომიტეტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"