მთავარი,სიახლეები

ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულდოზერზე არ უნდა აღმოჩნდეს სხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტი

01.09.2017 • 1854
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულდოზერზე არ უნდა აღმოჩნდეს სხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტი

„პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების უმეტესობა არის თბილისში. რაიონების უმრავლესობას პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს,“ – აღნიშნა ბათუმში, განათლების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ. გასვლით სხდომას პარლამენტის, განათლების სამინისტროს და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან და მისი მიზანია პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და შეჯერება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაჩნდება პროფესიული სასწავლებელი. „მაგალითად, ხულოში ჩვენ ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ ქობულეთის პროფესიული კოლეჯის მობილური ჯგუფები ავიდნენ და მოამზადონ ახალგაზრდები. პროგრამები იქნება დივერსიფიცირებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, აჭარის რეგიონში ტურიზმი არის პრიორიტეტული,“ – უთხრა ქეთევან ნატრიაშვილმა „ბათუმელებს“.

სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ „პროფესიული განათლების იმიჯი უნდა შევცვალოთ“. ქეთევან ნატრიაშვილის თქმით, ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ მნიშვნელოვნად შეცვლის ამ სფეროს. ამის მაგალითად მან ინიციატივის ჩანაწერი დაასახელა, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანი პროფესიული განათლების მიღების შემდეგ იმავე მიმართულებით განაგრძობს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, მას გარკვეული კრედიტები ჩაეთვლება.

„დღეს თეორიულად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანი გამოვიდეს მე-9 კლასიდან, ჩააბაროს პროფესიულ სასწავლებელში და შემდეგ უმაღლესში განაგრძოს სწავლა. ახალი კანონი ითვალისწინებს  იმას, რომ პროფესიულ სასწავლებელში შეივსოს ადამიანმა ზოგადი განათლება. იქმნება სრულიად ახალი სისტემა, რომლის მთავარი მიზანის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზება,“ – ამბობს ქეთევან ნატრიაშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია არაფორმალური განათლების აღიარებაზეც. ასევე იმაზე, რომ ნებისმიერ ასაკში შეეძლოს ადამიანს პროფესიული განათლების მიღება, ან მიღებული ცოდნის განახლება.

„პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის მიღებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აპირებს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს კანონპროექტი ჯერ არ დაურეგისტრირებია.

„ბულდოზერზე არ უნდა აღმოჩნდეს სხვა, უცხო ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები“, – ეს ფრაზა განათლების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა. მინისტრის მოსაზრებით, ორი მიმართულებით უნდა განისაზღვროს სტრატეგია. „პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ის, რაც მალე უნდა გაკეთდეს და მეორეს მხრივ, როგორ უნდა დაიწყოს ახალგაზრდების სტაბილური ნაკადის გენერირება.“

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ბათუმი მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ, სადაც ადამიანები პროფესიულ განათლებას იღებენ. პროფესიებს შორის კი ყველაზე პოპულარულია საინჟინრო [სამშენებლო მიმართულების პროგრამები] და ბიზნესის ადმინისტრირება.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

გადაბეჭდვის წესი