მთავარი,სიახლეები

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – დაპირისპირებული მხარეების განმარტებები

31.08.2017 • 3408
რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – დაპირისპირებული მხარეების განმარტებები

თუ დირექტორი გექცეოდათ დისკრიმინაციულად, რატომ  მიმართეთ პროკურატურას და არა სახალხო დამცველს? – „ბათუმელების“ ამ კითხვას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბოლქვაძემ უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელია „საქმე შერიგებით დასრულდეს“. პროფესიით იურისტმა, მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის დირექტორს დისკრიმინაციის მუხლით პროკურატურაში 3 აგვისტოს უჩივლა.

„დისკრიმინაციული კანონი ითვალისწინებს, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ სახალხო დამცველი ვალდებულია მხარეების შერიგებაზე იმუშაოს. ეს ჩემთვის მიუღებელია. თანაც სახალხო დამცველი საქმეს ვერ გამოიძიებს. მე დავასახელე სხვა მოწმეებიც, ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს. მე ვიჩივლე სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით, რაც თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. თუ არ იძიებს პროკურატურა მსგავს საქმეს, მაშინ რატომ არსებობს ეს მუხლი? – მე უკვე გამომკითხეს და თუ უარს მეტყვიან, მივმართავ მთავარ პროკურორს“, – ამბობს მალხაზ ბოლქვაძე.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მაუწყებლის დირექტორს გარდა პროკურატურაში ჩივილისა, ურჩია, რომ გადადგეს.

სწორედ იმის გამო, რომ მალხაზ ბოლქვაძემ მიმართა პროკურატურას და არა სახალხო დამცველს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მოვლენები შეიძლება გარედან მართული იყოს:

„…დისკრიმინაციულ ფაქტებს, თუკი ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ დავალებების მიცემა და შესაბამისი პასუხის მიღება,  სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ სარედაქციო თავისუფლებაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ვემზადებით წინასაარჩევნო პროცესისათვის. მაფიქრებინებს, რომ პროცესი არის ან შეიძლება იყოს მართული გარკვეული ძალების მიერ აჭარის ტელევიზიის და რადიოს წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება არის შეუქცევადი პროცესი. სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით მივმართავ აჭარის პროკურატურას და ვთხოვ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაეცეს პასუხი განმცხადებლის ინტერესებს.“

ნათია კაპანაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში საქმე ეხება მის მიერ მიცემული დავალებების შეუსრულებლობას, რის გამოც მალხაზ ბოლქვაძეს საყვედური გამოუცხადა და დამატებითი ვადა მისცა ამ დავალებების შესასრულებლად. მალხაზ ბოლქვაძე კი ამბობს, რომ არ აპირებს ამ დავალებების შესრულებას.

მალხაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისგან დავალებების შესრულებას დირექტორი დაჟინებით ითხოვდა მაშინ, როცა ის შვებულებაში იმყოფებოდა, ამიტომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების დროს [პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე] ყოველდღე სამსახურში დადიოდა. ნათია კაპანაძე კი ირწმუნება, რომ მალხაზ ბოლქვაძისთვის შვებულების პერიოდში სამსახურში მისვლა არ უთხოვია.

რაც შეეხება „გარე ძალების მიერ ამ პროცესის შესაძლო მართვას“, რაზეც დღე გამართულ ბრიფინგზე ტელევიზიის დირექტორმა გაამახვილა ყურადღება, მალხაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ მას არც ერთ პარტიასთან შეხება არ ჰქონია და არც ახლა აქვს: „ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა 2004 წელს, როცა ასლან აბაშიძე წავიდა ბათუმიდან“.

ტელევიზიის იურისტი ამბობს, რომ აჭარის პროკურატურამ უკვე გამოკითხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: