სიახლეები

ვინ გახდება დეკანი? – სტუდენტი ლექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს

16.12.2014
ვინ გახდება დეკანი? – სტუდენტი ლექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს

 

ფაკულტეტზე არჩევნები ჯერ 12 დეკემბერს, განმეორებით კი 15 დეკემბერს ჩატარდა. პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რადგან ხუთი ბიულეტინი გაბათილდა, ამის გამო ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოიპოვა საჭირო რაოდენობის ხმები, მეორე ტურში კი საფაკულტეტო საბჭოს 15-ვე წევრმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და დეკანის არჩევნებში გამარჯვებული რვა ხმით შვიდის წინააღმდეგ ირაკლი მანველიძე გახდა.

 

საარჩევნო კომისიას საჩივრით დეკანობის მეორე კანდიდატმა და ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთი ბერიძემ მიმართა. როგორც უნივერსიტეტის იურისტი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამბობს „ბათუმელებთან“, საჩივრები ჯერ არ შეუსწავლიათ. “საარჩევნო კომისია სამი დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს, ამის შემდეგ გადაწყდება, შეიცვლება თუ არა საფაკულტეტო საბჭოს გადაწყვეტილება”, – აცხადებს გიორგი დიასამიძე. მისივე თქმით, ამ დრომდე ვერ დამტკიცდება დეკანის თანამდებობაზე ირაკლი მანველიძე.


დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევენ. ერთ-ერთი მათგანია სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე, რომელიც  კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ მეორე ტურში მასზე ზეწოლა განხორციელდა, ამიტომაც გაასაჩივრა არჩევნების შედეგები. 

აბსურდად და სასაცილოთ ეჩვენება სტუდენტის პრეტენზია გამარჯვებულ კანდიდატს, ირაკლი მანველიძეს. მისი თქმით, გაუგებარია, რაზე საუბრობს სტუდენტი: „გაუგებარია, რაში გამოიხატებოდა ზეწოლა, ვერ ვხვდები რაში მდებს ეს ადამიანი ბრალს, განცხადების წაკითხვა მინდა. ამ სტუდენტთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა, ის ჩემთან ამუშავებს საკონფერენციო თემას, მეცნიერ-ხელმძღვანელად ამირჩია. გამარჯვების მოლოდინი მქონდა, ეს მიმართულება ჩემი შექმნილია, ორი სპეციალობა შევქმენი, ორი სპეციალობის ხელმძღვანელი ვარ, მიმართულება დავიწყე 300 საათითა და ათი სტუდენტით, დღეს გვაქვს 4500 საათი და 350 სტუდენტი.”

ირაკლი მანველიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად პროკურატურას მიმართავს: „მივმართავ იმის გამო, რომ საჩივრის ჭეშმარიტება დადასტურდეს, თუ მართალია ის, რომ ზეწოლა მოვახდინე, მაშინ უნდა ვაგო პასუხი, ამიტომაც მე მჭირდება არგუმენტირებული პასუხი საჩივარზე. სტუდენტს არ ვუჩივლებ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ მისი ამ ქმედებით. უბრალოდ, მოვითხოვ განცხადებაზე რეაგირებას”.

 

„ბათუმელებთან“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ქეთი ბერიძე, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ასევე, საჩივრით მიმართა საარჩევნო კომისიას. 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: