სიახლეები

ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად

16.12.2014 • 2205
ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად

 

სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თენგიზ ცინცაძის ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ყოფილი აფთიაქის შენობაზე დაშენება არ იგეგმება და ინვესტორი მაღლივი შენობის აშენებას ყოფილი აფთიაქის უკანა ეზოს ათვისების ხარჯზე გეგმავს.

 

„დაახლოებით ისეთივე პროექტია, როგორიც ძველი ფოსტის შენობის შემთხვევაში,“ – განმარტა თენგიზ ცინცაძემ.

 

არქიტექტორი გიორგი რამიშვილი, რომელიც ასევე სააგენტოსთან არსებული არქიტექტორთა საბჭოს წევრია, ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს. „წარმოუდგენელია 11-სართულიანი შენობის მშენებლობაზე საუბარი იმ სივრცეში. შეიძლება ორ-სამსართულიანი დაეტიოს. პრაქტიკულად იქ მეტი ადგილი არ არის. თანაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შენობა, რომელიც უკვე დგას – ძეგლია. ორი ან სამსართულიანი შენობა რამდენად მომგებიანი იქნება ინვესტორისთვის, ეს კიდევ სხვა საკითხია. მე, ჯერჯერობით, არ მინახავს წინადადება. განხილვაზე დამიძახებენ ალბათ და პროექტის ნახვის საშუალებაც მექნება, პროექტის წინასწარ ნახვის, მისი საბჭოს წევრებთან გადაგზავნის პრაქტიკა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. უკეთესი იქნებოდა ასე ყოფილიყო,“  – უთხრა გიორგი რამიშვილმა „ბათუმელებს.“

 

ყოფილი აფთიაქის შენობის უკან მაღლივი შენობის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის  საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინო ინაიშვილი ეწინააღმდეგება. ის იმედოვნებს, რომ  საბჭო საკითხს მხარს არ დაუჭერს:

 

„პირველ რიგში მინდა ყველას შევახსენო, რომ კულტურულ მემკვიდრეობას კანონი იცავს და ძეგლის ხელყოფა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება, ამიტომ, არ ვურჩევდი საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც შესაძლოა პროკურატურის ინტერესის სფეროში მოექცეს. კონკრეტულად „აფთიაქის“ პროექტის შესახებ საბოლოოდ ჩემი მოსაზრება საპროექტო დოკუმენტაციის სრულად გაცნობის შემდეგ შემიძლია მოგხსენოთ, თუმცა ამ ეტაპზე მაქვს ორი სრულიად კონკრეტული მოსაზრება: 1. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური არეალის ხელყოფა; 2. აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იქნას ურბანული კონტექსტი და მისი  მასშტაბი.

 

ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალებებში და განსკუთრებით სოციალურ ქსელებში თვალსაჩინოდ  ჩანს კულტურული მემკვიდრეობის თემებისადმი საზოგადოებრივი მგრძნობელობის ზრდა, სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აქტიურად აქვეყნებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მათ პირად არქივებში დაცულ ფოტო-დოკუმენტურ მასალებს, ეხმიანებიან კონკრეტული ძეგლის ინტერესების დაცვის პროცესს, რაც, ვფიქრობ, მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოების შინაგან საპროტესტო მუხტს  კულტურული მემკვიდრეობის საკითხებისადმი ზედაპირული ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მიმართ. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სახელისუფლებო რგოლები ასევე აკვირდებიან საზოგადოებრივ განწყობას და დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხებისადმი და მათი გადაწყვეტილებები არ იქნება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი და საზოგადოების ინტერესებს აცდენილი.“

  

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცინცაძის თქმით კი, ის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ  მოსაზრებას მხოლოდ იმიტომ არ გაახმოვანებს, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მისი დამოკიდებულება ხელმძღვანელისგან ზეწოლად არ აღიქვან.

 

შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის ყოფილი აფთიაქის შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება 2012 წელს შედგა. ამის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უნდა მოეპოვებინა. შპს „ჟასმინი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ გასულ წელს საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა.

 

 

ამ დროისთვის კომპანიას „ბათუმში“  მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს, რომელმაც პროექტის დეტალებზე „ბათუმელებთან“  საუბარი არ  ისურვა. „მე კომპანიის იურისტი ვარ, ხელმძღვანელები საქართველოში არ არიან და მათთან შეუთანხმებლად ვერ ვისაუბრებ,“  – უთხრა დავით ჯაიანმა „ბათუმელებს.“

 

 

რაც შეეხება ბათუმის მერიის წინ მდებარე ორსართულიან აგურით ნაშენ სახლს, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ ცინცაძის ინფორმაციით, სააგენტო ამ შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანაზე მუშაობს: „დოკუმენტები თითქმის მზადაა და მალე ალბათ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.“

 

სააგენტო არ განიხილავს ამავე შენობის გვერდით მდებარე ასევე აგურით ნაშენი ძველი შენობის სტატუსის საკითხს. ვიზუალურად ეს ორი შენობა ერთ შენობად აღიქმება, თუმცა მათგან ერთ-ერთს ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ, მეორე კი შეიძლება დაანგრიონ, რადგან სწორედ ამ შენობის ათვისების სანაცვლოდ კომპანია „ბათ მშენ-2007“  შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

 

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ახალაძის განმარტებით, „ამ კომპანიამ მიმართა მერიას წინადადებით, რომ შეინარჩუნებს იმავე არქიტექტურას, რაც მერიის წინ მდებარე ახალ კორპუსს აქვს, ანუ ეს იქნება იმავე არქიტექტურის გაგრძელება. თუმცა, შენობა არის ძეგლის დაცვის არეალში. მერიის შენობა ძეგლია, კომპანიამ მიმართა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საიდანაც დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასევე მიმართავს მერიას უკვე პროექტით.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: