სიახლეები

დეკანების არჩევნები ბათუმის უნივერსიტეტში – იქნება თუ არა კონკურენცია?

10.12.2014 • 1871
დეკანების არჩევნები ბათუმის უნივერსიტეტში – იქნება თუ არა კონკურენცია?

 

 

დღეს, 10 დეკემბერს გაირკვევა, იქნება თუ არა კონკურენტული გარემო დეკანის არჩევნებში. კანდიდატთა რეგისტრაცია 10 დეკემბრამდე გრძელდება. როგორც გიორგი დიასამიძე, უნივერსიტეტის იურისტი აცხადებს, ამ დრომდე  (5 დეკემბერი) არც ერთ კანდიდატს არ შეუტანია განაცხადი. დეკანის სტატუსი რომ მოიპოვო, საჭიროა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51%-ის მიღება, ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.

 

„ერთი კანდიდატიც რომ დარეგისტრირდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გახდება დეკანი, მაგრამ თუ ფაკულტეტის საბჭოს სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, ის ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს. მე არ ვფიქრობ, რომ კითხვითი ნიშნები გაჩნდება კონკურენციასთან დაკავშირებით, მოთხოვნებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა კანდიდატს შეუძლია დარეგისტრირდეს“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე –  12 დეკემბერს. „კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ იმავე ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება“, – ამბობს გიორგი დიასამიძე, უნივერსიტეტის იურისტი.

 

ადამ მახარაძე
ადამ მახარაძე

ადამ მახარაძე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად ის სამართლის ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებელია. იგი ამბობს, რომ ახლა უფრო უადვილდება მუშაობა, რადგან მართვის სისტემა გაიოლდა. ადამ მახარაძე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი ვარაუდით, კონკურენტები არ უნდა ჰყავდეს:

 

„ჩემს ფაკულტეტზე 12 პროფესორია, აქედან ექვსი პარალელურ რეჟიმში სხვაგან მუშაობს, დარჩენილ ექვსს არ გამოუთქვამს ამ დრომდე სურვილი. ბევრი დადებითი მხარე აქვს ამ ფაკულტეტის დაშლას, უფრო მეტი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ კონკრეტული მიმართულების განვითარებაზე ვიფიქროთ. სამართალი რეგულირებადი დარგია, ამ მიმართულებისთვის უკეთესია დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს“.

 

ადამ მახარაძე ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც მომავალში იმუშავებს, არის საერთაშორისო ინტეგრაცია: `უცხოელ პროფესორ-მასწავლებელთა მოწვევა, მეორე მხრივ – ჩვენი სტუდენტების ინტეგრაცია ევროპულ სასწავლებლებში – ეს მთავარი სამოქმედო გეგმაა. ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ახლაც ვაწარმოებთ. ადამიანური რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, განსაკუთრებით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული მუშაობაა საჭირო, სამოქალაქო სამართალში სამაგისტრო პროგრამა მზად გვაქვს, აკრედიტაციას გავლასაც ვგეგმავთ. ჩვენი რეგიონის ბაზაზე საერთაშორისო სამართლის პროგრამის შემუშავებაც შეიძლება“.

 

ქეთი ბერიძე
ქეთი ბერიძე

ფაკულტეტზე უმთავრეს პრობლემად ადამიანური რესურსის ნაკლებობას მიიჩნევს ქეთი ბერიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. მან არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და ფიქრობს,  რომ კონკურენტები სავარაუდოდ ეყოლება: „გაძლიერება გვჭირდება, ჩვენ ვზრდით კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც სამომავლოდ ამ პრობლემას მოხსნიან. ვფიქრობ, სხვადასხვა პროგრამის დამატებაა საჭიროა, მალე შემოგვემატება ჟურნალისტიკა, სოციოალური მუშაკის და პოლიტოლოგიის პროგრამებზე ვმუშაობთ. ვნახოთ რა გამოვა, ამას რა თქმა უნდა, რამდენიმეთვიანი მუშაობა არ ეყოფა“.

 

ქეთი ბერიძის თქმით, ფაკულტეტის მთავარი სტრატეგია გაცვლითი პროგრამებია, რომლებშიც სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან ლექტორ-მასწავლებლებიც: „გარდა ამისა, გვინდა ფსიქოლოგიის კლინიკის ამოქმედება. ფსიქოსაკონსულტაციო მომსახურება არის უფასო ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ეს არის იმის პირობა, რომ სამომავლოდ სერიოზული სახე მიეცემა ამ ყველაფერს. მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ სტუდენტების პრაქტიკულ გადამზადებას, ორგანიზაციებთან გავააქტიურებთ მუშაობას“.

 

ვლადიმერ ღლონტი
ვლადიმერ ღლონტი

საარჩევნო აგიტაციას ყველაზე აქტიურად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ღლონტი ეწევა. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფომ სტრატეგიულ ამოცანად უნდა დაისახოს განათლების სტიმულირება: „განათლება და კეთილდღეობა არსებითად უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ავტონომიის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი საიმედო კერა რეგიონში. ჩვენი ფაკულტეტი დგას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემის წინაშე, რომელიც, მათ შორის, მოიცავს არასათანადო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც. ამ პრობლემების მოგვარებას უნივერსიტეტი საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებს. მე მინდა შევთავაზო მთავრობას ჩვენი ფაკულტეტისთვის შენობის აშენება, რადგან იმ სართულზე, სადაც ჩვენი ფაკულტეტია, კიდევ ორი ფაკულტეტი მუშაობს“.

 

ვლადიმერ ღლონტი დასძენს, რომ მათი ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია: „სწორედ ეს რესურსი უნდა მოვახმაროთ ფაკულტეტის განვითარებას. საჭიროა დროის მოთხოვნათა შესაბამისი კადრების მომზადება, დიფერენცირებული სწავლის პრინციპების დაუყონებლივ დანერგვა, ფაკულტეტის სპეციალური, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფა. აუცილებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა უცხოეთის სასწავლო ცენტრებიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებთან ურთიერთობების დამყარების, გამოცდილების გაზიარების მიზნით“.

 

არჩევნებში კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება ფაკულტეტის ყველა აკადემიურ პირს აქვს. ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტებსაც.  

გადაბეჭდვის წესი