სიახლეები

ვსვამთ თუ არა უსაფრთხო წყალს

10.12.2014 • 1874
ვსვამთ თუ არა უსაფრთხო წყალს

 

წყალი
წყალი

ბოლო დღეებში ბათუმის წყლის რამდენიმე მომხმარებელი ჩიოდა წყალში ქლორის სუნისა და თეთრი ნადების გამო, რომელსაც ჭურჭელი წყლის დაყენების შემთხვევაში იდებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თეთრი ნადები წყლაში რკინის მაღალი შემცველობის გამო ჩნდება. რაც შეეხება ქლორის ნორმას, „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სტანდარტით დადგენილი ნორმა არ დარღვეულა. ალექსანდრე მიქელაძე, ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების თაობაზე.

 

„იმ პერიოდში, როცა ძლიერი ნალექი მოდის, სათავეებში შედარებით მეტ ქლორს ვიყენებთ, მაგრამ ლაბორატორიიდან ქალაქამდე წყალი 24 კილომეტრის შემდეგ ხვდება წყლის რეზერვუარებში. ამის შემდეგ ქლორის მაჩვენებელს ისევ ვსაზღვრავთ და მხოლოდ სინჯის აღების მერე მიეწოდება მომხმარებელს. ტელევიზიით არასწორი ინფორმაცია გააშუქეს, რადგან თქვეს, რომ ქიმიური მაჩვენებელი კარგი იყო, ბაქტერიოლოგიური კი – ცუდი. ასეთი რამ არ ხდება, როცა სტანდარტი დარღვეულია, მაშინ ორივე მაჩვენებელი უარყოფითი უნდა იყოს“.

 

ბათუმში მომხმარებელი გაზქლორით დამუშავებულ წყალს მოიხმარს, „ბათუმის წყალი“ წყლის გაწმენდის მეთოდის შეცვლას მომავალი წლიდან აპირებს. „გაზქლორის ნაცვლად წყალი ჰიპოქლორიდით ანუ თხევადი ქლორით გაიწმინდება“, – აცხადებს დირექტორი. ორივე შემთხვევაში, წყალი ქლორის მეშვეობით იწმინდება, რომელიც სპეციალისტის განცხადებით, ადამიანის ორგანიზამისთვის ძალიან საშიშია და ის კიბოს გამომწვევ კარცეროგენების წარმოშობას იწვევს.

 

„ჰიპოქლორიდს (თხევად ქლორს) გაზქლორთან შედარებით მძაფრი სუნი არ ახასიათებს, წყალი არ იცვლის გემოს და მომხმარებელიც ვერ გრძნობს მის არსებობას წყალში, ამიტომ არის შედარებით უკეთესი ამ ტექნოლოგიით წყლის დამუშავება. თუმცა, გაზქლორით დამუშავების ნორმებიც სტანდარტშია“, – აცხადებს ალექსანდრე მიქელაძე. მისი თქმით, გაზქლორის დასაშვები დოზა წყალში 03-იდან 05 პროცენტამდეა. „თუმცა, 01-ის შემთხვევაშიც წყლის ხარისხი დაცულია“.  

 

შპს „ეკოლაინის“ დირექტორის, მალხაზ ქათამაძის განცხადებით კი, წყალში არსებობს მავნე ორგანიზმები, რომელიც 0,1მლ ქლორის გამოყენების შემთხვევაში არ კვდება, ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ტრიჰალომეთანები, რომელსაც ქლორირება ვერ კლავს: 

 

„მსოფლიო კველევითმა ინსტიტუტებმა ბოლო პერიოდში ჩაატარეს კვლევა ამ ორგანიზმებზე და აღმოჩნდა, რომ თუკი დაახლოებით 50 წლის წინ მათ წინააღმდეგ გამოიყენებოდა ქლორის დაახლოებით 1,5 მლ დოზა, ახლა ეს დოზა 3,4 მლ-მდეა გაზრდილი, რადგან ამ ტიპის ორგანიზმების რეზისტენტულობა არის გაზრდილი. შესაბამისად, ქლორის ოდენობის გაზრდა ამ ორგანიზნების დამუშავების მიზნით, წარმოშობს ისეთ საშიშ ორგანიზმებს, როგორიცაა კიბოს გამომწვევი კარცეროგენები.  

 

ამის თაობაზე არსებობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის ბრძანებაც, სადაც სწორედ ამ პრობლემაზეა საუბარი. თუმცა, წყლის გაწმენდის ქლორირების მეთოდი ისევ გამოყენებაშია. განვითარებულ ქვეყნებში ამ მეთოდს დიდი ხანია აღარ იყენებენ. ევროპაში წყალს ოზონის მეშვეობით ამუშავებენ. ძალიან ეფექტური და სრულიად უსაფრთხოა წყლის დამუშავება ულტრაიისფერი დასხივებით და ვერცხლის იონებით, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება, ჰიპოქლორიდით წყლის დამუშავებასთან შედარებით. ეს მეთოდი დიდი ხნის წინ შევთავაზე აჭარის მთავრობას, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ სხვა ინტერესები იკვეთება, რადგან ჩემი წინადადება დღემდე არ არის გაზიარებული. მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამომეხმაურა და როგორც გამგებელმა მითხრა, 2015 წლის ბიუჯეტში აპირებენ ჩვენი პროექტის ჩაშვებას და წყლის გაწმენდას ოზონის მეშვეობით“.

 

რატომ არ იყენებს „ბათუმის წყალი“ გაცილებით უსაფრთხო და იაფ ტექნოლოგიებს წყლის დამუშავებისთვის? ამ კითხვაზე ალექსანდრე მიქელაძის პასუხი ასეთია: „ოზონით, ვერცხლის იონებით თუ სხვა მეთოდებით წყლის დამუშავება ეფექტურია, თუმცა, ასეთი დამუშავება მხოლოდ სათავეებშია ეფექტური, რადგან წყლის ტრანსპორტირების დროს, ქსელში, მომხმარებელთან მისვლამდე შეიძლება წყალი ისევ დაბინძურდეს. მილი დაზიანდეს, ან რაიმე ავარია მოხდეს და ამ გზით მოხვდეს წყალში მავლე ნივთიერებები. ქლორის თვისება კი ის არის, რომ წყალს ბოლომდე მიყვება, მომხმარებლამდე და მილებსაც წმენდს ბაქტერიებისგან“. ალექსანდრე მიქელაძე აღიარებს რომ გაზქლორით წყლის დამუშავებას უკუჩვენებები აქვს, რასაც არ ეთანხმება ჰიპოქლორდთან დაკავშირებით: „გაზქლორს აქვს გარკვეული უკუჩვენებები, მაგრამ ჰიპოქლორიდს ეს უკუჩვენებები არ გააჩნია და გაცილებით სუფთაა. ამ მეთოდს დღემდე იყენებენ ევროკავშირის ქვეყნები და დღესაც აქტიურ წარმოებაშია“. 

 

რაც შეხება „ბათუმის წყლის“ ახალ მეთოდზე გადასვლას, ამის თაობაზე კომპანიამ ტენდერი უკვე მესამედ გამოაცხადა, რადგან პირველი ორი ტენდერი ჩაიშალა.

 

„სამჯერ გამოვაცხადეთ ტენდერი დანადგარების შესყიდვაზე. ორჯერ დადგა უარყოფითი შედეგი. გამარჯვებული იყო გერმანული კომპანია, რომელიც ხელშეკრულების გასაფორმებლად აღარ გამოცხადდა. ახლა მესამედ გამოვაცხადეთ და ჩინური კომპანიაა გამარჯვებული“, – ამბობს „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მიქელაძე.  

 

დირექტორისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ ამბობენ უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე გამარჯვებული კომპანიები. კომპანიას, რომელმაც უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, დირექტორის განცხადებით, საჯარიმო სანქცია დაეკისრა: „კომპანიამ დანადგარების ღირებულების ერთი პროცენტი უნდა გადაიხადოს“.

 

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მილიონ ოთხასი ათასი ლარის ფარგლებში უზრუნველყოს ახალი დანადგარების მიწოდება 25 აპრილამდე, მონტაჟი და დაახლოებით 14 თანამშრომლის გადამზადება ერთი თვის განმავლობაში. 

გადაბეჭდვის წესი