სიახლეები

ბათუმის გამწვანების ბიუჯეტი შემცირდა

04.12.2014 • 1661
ბათუმის გამწვანების ბიუჯეტი შემცირდა

 

„2 145 000 ლარში არაფინანსური აქტივი იყო ტრანსპორტის შესაძენად. შარშან შევიძინე. წელს არ მჭირდება და თავისთავად გამოაკლდა ტექნიკის ფული,“ – განმარტავს ეთერ მაჭუტაძე, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი.

ბათუმის მწვანე საფარი 6 მილიონი კვადრატული მეტრისგან შედგება. მისი გაზრდა სამომავლოდ კიდევ 2 მილიონი კვადრატული მეტრით იგეგმება. მწვანე საფარში იგულისხმება როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები. 2014 წელს  ერთწლიანი მცენარეებისთვის დარგვა-მოვლისათვის 400 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მრავალწლიანებისათვის – 200 ათასი ლარი. მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს თანხა ასე გადანაწილდება. ერთწლიანი მცენარეებისთვის დარგვა-მოვლისათვის 400 ათასი ლარი, ხოლო მრავალწლიანებისათვის – 100 ათასი ლარი.

 

მიუხედავად ამისა, ეთერ მაჭუტაძე ამტკიცებს, რომ მისი სამსახურის ბიუჯეტი არ შემცირებულა.

 

„არც ერთი თეთრით ბიუჯეტი 2014 წელთან შედარებით არ არის შემცირებული. პირიქით, 10 ერთეული მუშა არის დამატებული და 25 ათასი ლარი დაემატა ამისთვის. მრავალწლიანი ნარგავებისთვის ნამდვილად 100 ათასი ლარია. სკვერების მოსაწყობად წინასწარ ესკიზები დგება. ჩვენმა სამსახურმა ამ თანხაზე წარადგინა ესკიზები და ზუსტად 100 ათასი მომცეს. მე რომ ახლა 200 ათასი ჩავდო, ადგილიც არ მაქვს დასარგველი. ეტაპობრივად გაკეთდება ყველაფერი,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ქალაქის გარეუბნებში და განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე გამწვანების ნაკლებობაა. გარდა ამისა, არ არსებობს გამწვანების ერთიანი გეგმა.

 

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნა იყო, რომ პირველ რიგში ჩაიდოს თანხა და შემუშავდეს გამწვანების სტრატეგია. გამწვანების პოლიტიკა არ არსებობს, თუ რა უნდა ჰქონდეს თვითმმართველ ქალაქს. უცნობია რა პრობლემებია გარეუბნებში, ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე. რამდენად არის მწვანე საფარი და მწვანე ზოლი. ხუთ კვადრატს ვერ ვცილდებით. სანამ გამწვანების სამსახურს არ ექნება სტრატეგია, არ ეყოლება მებაღეების ინსტიტუტი, ანუ სტრუქტურა არ იქნება აწყობილი გამწვანების პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, მანამდე ის მილიონ რვაასი ათასიც არამიზნობრივ ხარჯვად შეიძლება იქნას შეფასებული“, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა.

 

ნათია აფხაზავას თქმით, თითოეულ პარკს, სკვერს, ქუჩას, განვითარების გეგმა სჭირდება, რაც ამ ეტაზე ქალაქს არ აქვს.

 

„გამწვანების სამსახურს აქვს სტრატეგია, მაგრამ ეს არის კონკრეტული სამსახურის ხედვა, როგორი უნდა იყოს ქალაქი. კვლევაზე არ არის დაფუძნებული, ვთქვათ რა მდგომარეობა გვაქვს. რამდენი პარკი გვაქვს, რამდენი სკვერი, ინვენტარიზაცია უნდა მომხდარიყო და ამის საფუძველზე დადებულიყო სტრატეგია, განვითარების მინიმუმ სამწლიანი გეგმა. თუ არ გვეცოდინება რომელ უბანში რას ვაკეთებთ, თუ ეს არ იქნება სტრატეგიაში გაწერილი, მანამდე ეს მაინც არაგეგმიური ხარჯვაა“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

 

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ გარეუბნებსაც და შემოერთებულ ტერიტორიებსაც თანმიმდევრულად ამწვანებს.

 

ეთერ მაჭუტაძე: „მე ჩამოგიწერთ რამდენი უბანია გარეუბანში გამწვანებული _ ბაგრატიონი, ჯავახიშვილი, ტაბიძე. ჭაობში არ შევსულვარ მხოლოდ. წელს უკვე დამთავრდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები. ქალაქის მერს აქვს მონახაზი, რამდენი სკვერი უნდა გაკეთდეს და იმის მიხედვით გაკეთდება. სანამ არ დამთავრდება მიწისქვეშა კომუნიკაციების გაკეთება, მანამდე ვერ შევალ. არც ერთი უბანი არ დარჩება გამწვანების გარეშე და არც შემოერთებული ტერიტორიები არ დარჩება უყურადღებოდ.

 

100 ათასი ძირი ნერგის დარგვაა იმისათვის საჭირო, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა სუფთა გარემოში იცხოვრონ. მომავალში აუცილებლად გვექნება სანერგე, საიდანაც ორ-სამ წელიწადში ნერგებს მივიღებთ და ამ ნერგებს ეზოებში დავრგავთ“.

გადაბეჭდვის წესი