სიახლეები

აჭარა-გურიის წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის საქმე

21.11.2014 • 1963
აჭარა-გურიის წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის საქმე

სულიკო ბერიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი პროკურატურას 10-მდე პირისთვის მიუნიჭებია. მათგან ორი, ვინც ამ საქმის კომენტირებაზე უარი არ განაცხადა, ამბობს, რომ თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც რამდენიმე პირი ადასტურებს, სულიკო ბერიძის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი სამართალდამცავებს ასე აქვთ ჩამოყალიბებული: „პატიმრებს საქართველოს ჰიმნი ამღერეს“.

საქმის მასალების მიხედვით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ის პატიმრები, რომლებიც 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის დროს დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, საკნიდან შუაღამით გამოჰყავდათ და საქართველოს ჰიმნს აკითხებდნენ. სულიკო ბერიძე სწორედ ამ დროს ხელმძღვანელობდა იზოლატორს.

სასამართლო განჩინების ასლში წერია, რომ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ  2013 წლის 20 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ბრალდებულ სულიკო ბერიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს 10 000 (ათი ათასი) ლარის შეფარდება. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ  ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის და თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, შეუფარდა გირაო.

სულიკო ბერიძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით სასამართლოში ათამდე პირია  დასაკითხი. მოწმეების სიაში ერთ-ერთი პირი, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი თემურ ჭანტურიშვილია, ის ამ საქმეში დაზარალებულადაც არის ცნობილი. ჭანტურიშვილი ბათუმში, 2011 წლის 21 მაისს „სახალხო კრების“ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ.

მოსამართლე თემურ გოგოხიამ მაშინ თემურ ჭანტურიშვილს 45-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა გიორგი მარკოიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ჭანტურიშვილმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე შეუფარდეს ჭანტურიშვილს პატიმრობა.

თემურ ჭანტურიშვილი ახლა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილ უფროსთან პრეტენზიები არ აქვს. ჭანტურიშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში მან პოლიციელ გიორგი მარკოიძეს და მოსამართლე თემურ გოგოხიას უჩივლა და არა სულიკო ბერიძეს. პროკურატურამ კი მას კითხვები სულიკო ბერიძის შესახებ დაუსვა:

„მთავრობა რომ შეიცვალა, როგორც მოქალაქემ, საჭიროდ ჩავთვალე მიმერთა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რათა არ განმეორებულიყო მსგავსი ფაქტი. დღემდე მუშაობს პოლიციაში ადამიანი, რომელმაც თქვა ტყუილი, თითქოს მე პოლიციელებს გავუწიე წინააღმდეგობა და მისი ჩვენების საფუძველზე უდანაშუალო ადამიანი გამომკეტეს საკანში. პირი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს ციხეში უშვებს, პოლიციაში არ უნდა მუშაობდეს, ამიტომაც მივმართე პროკურატურას, თუმცა როცა დამიბარეს დაკითხვაზე, ამ პოლიციელის შესახებ არც არაფერი უკითხავთ. მე სულიკო ბერიძის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს“, – ამბობს თემურ ჭანტურიშვილი.

თემურ ჭანტურიშვილის მსგავსად, დავით სამნიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში 45 დღე გაატარა. ისიც აჭარის ტელევიზიის წინ აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის სისხლის სამართლის საქმეში, პროკურატურამ ისიც დაზარალებულის სტატუსით დაკითხა. „ბათუმელებთან“ დავით სამნიძე ამბობს, რომ მას არც არაადამიანურად და არც დამამცირებლად სულიკო ბერიძე არ ექცეოდა:

„ყოველ დილით შემოდიოდა, მოგვესალმებოდა და გვეკითხებოდა ხომ არ გვჭირდებოდა რამე. სხვა ურთერთობა მე მასთან არ მქონია, არავის არ ვუცემივარ, ერთ-ერთ დაკავებულს ძირმაგარა ჰქონდა სხეულის რამდენიმე ადგილას, გაჰყავდათ და სტერილურად უვლიდნენ. იყო რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან დამამაცირებელი საუბარი, თუმცა მე მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ერთხელ კიდევ ერთი ადამიანი მთელი ღამე ფეხზე დამდგარი ამყოფეს. გათავისუფლებამდე ბოლო ათი დღე არ მქონდა საკითხავი მასალა, წიგნები… ცუდად და უხეშად, მე, პირადად, არავინ მექცეოდა“.

ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სულიკო ბერიძე პატიმრებს  არაადამიანურად და დამამცირებლად არ ეპყრობოდა, იზოლატორის უფროსის სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს როგორც დაზარალებულები. რა იყო პროკურატურის მოტივაცია, ან რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა? _ ამ კითხვებზე მთავარი პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.

საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს ბრალდებული სულიკო ბერიძეც. მისი საქმის განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილი უფროსის _ სულიკო ბერიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (ა, ბ, დ, ე, ვ, ზ ნაწილები) მიმდინარეობს.

კოდექსში ბრალდების მუხლი ასე არის ფორმულირებული: „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, იგივე ქმედება, ჩადენილი: მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად;  ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: