სიახლეები

ვინ არიან ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის წევრები

19.11.2014 •
ვინ არიან ღარიბაშვილის  მხარდამჭერთა ცენტრის წევრები

 

„ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“, –  ეს წარწერა ორგანიზაცია „ახალი დემოკრატების“ ბეჭედს აქვს.

 

„…ჩვენ ვართ ახალი დემოკრატები, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც იყო ცენტრი და მოძრაობად გადაკეთდა.

 

მოძრაობა, რომელთა წევრებიც ბიძინა ივანიშვილს, მის გაკეთებულ საქმეებს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის პოლიტიკურ კურსს ვუჭერთ მხარს დავით ხიზანიშვილმა დააფუძნა. ამბობენ, რომ მიმართულება შეიცვალა ჩვენმა მთავრობამ, ასე არ არის. ჩვენ გვაქვს დასავლური კურსი“, –  მიმართა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მაილო ჯაშის კუთვნილ სასტუმრო „მაილოს“ დარბაზში შეკრებილებს რამაზ ირემაძემ.

 

 

„მაილოში“ „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბათუმიდან და რაიონებიდან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გასულ კვირას მოაწყვეს. შეხვედრას ორგანიზაციის კოორდინატორი აჭარაში, რამაზ ირემაძე უძღვებოდა. გაცნობის შემდეგ დარბაზში შეკრებილებს მან რამდენიმე პირობა მისცა:

 

 

„მინდა გითხრათ, რომ აქ დანიშვნები არ იქნება ნათესაური ნიშნით. ორგანიზაციაში მეგრელიც იქნება, გურულიც, იმერელიც, კახელიც და ყველა, ვინც ცხოვრობს აჭარაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წესდების მიხედვით და ვერავინ იტყვის ეს საკითხი რამაზ ირემაძემ გადაწყვიტაო.

 

რამდენად ვართ დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ შემოგვეპარება პროვოკატორი ან მაიმუნი ადამიანი? – მე ვარ ერთი, თქვენ ხართ რამდენიმე. ჩვენ გვაქვს ბლანკი, რასაც ავსებთ და წევრიანდებით, მაგრამ ვინ არის რეკომენდატორი გარკვევით დაწერეთ, რადგან როცა მე რეკომენდაციას ვაძლევ ათ კაცს, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ. მოდით ნუ იქნება ხათრი და შინაურობა, ეს ძალიან ცუდად ჟღერს. ჩვენი ორგანიზაციის კარი ყველასთვის ღიაა, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვისაც, რომლებიც გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და პატიოსნად მუშაობდნენ, მე არ მაინტერესებს ხუთი წლის წინ ვინ რა იყო“.

 

 

რამაზ ირემაძე რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ის სამსახურში  ბიულეტენზე მყოფი თანამშრომლის ადგილზე დროებით აიყვანეს, მისი სამსახურში დაბრუნების შემდეგ კი რამაზ ირემაძე უმუშევარი დარჩა.

 

 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, „ახალი დემო­კრატები-ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ ხელმძღვანელი ხელფასს არ იღებს – „ორგანიზაციას არანაირი დაფინანსება არა აქვს“.

„ბათუმელებს“ პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად შექმნილი ორგანიზაციის საქმიანობისა და ფინანსური წყაროების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე რამაზ ირემაძემ უარი განუცხადა. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა. 

 

 

ორგანიზაციის წესდების მიხედვით, „საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“ წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობას „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ“  წესდების შესაბამისად წარმართავს.

 

 

„აქ ერთიანდებიან სუფთა გულის ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ“, –  განმარტავს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერ ჯორთმენაძე. მან ორგანიზაციას ბათუმის ოფისის გასახსნელად საკუთარი ბინა დაუთმო. 

 

ეთერ ჯორთმენაძე
ეთერ ჯორთმენაძე

ეთერ ჯორთმენაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის ორგანიზაცია 1000-მდე პირს აერთანებს, მთლიანად აჭარაში კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა დოკუმენტურად 2000-მდე პირმა დაადასტურა. დარბაზში თითქმის 60 მოქალაქე იყო შეკრებილი.

 

წესდების მიხედვით, ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. არაოფიციალურ საუბარში „ბათუმელებს“ საჯარო მოხელეებმა უთხრეს, რომ ანკეტებს საჯარო სამსახურებში არიგებენ, რასაც ეთერ ჯორთმენაძე უარყოფს: „მსგავსი არაფერი ხდება. ერთადერთი, რაც მე თვითონ გავაკეთე, მივედი ერმაკოვთან ბათუმის მერიაში და წარვუდექი, შევთავაზე ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანება“.

 

 

ხელვაჩაურის ორგანიზაციას ჯუმბერ ზოიძე ხელმძღვანელობს, მასთან მუშაობს ხელვაჩაურის გამგებლის ყოფილი მოადგილე ნოდარ თურმანიძეც.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების შეკრება ბათუმში
ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების შეკრება ბათუმში

გაცნობით შეხვედრას ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ ლომინაძეც ესწრებოდა, მაილოში შეკრებილებს სიტყვით ლომინაძემაც მიმართა. მან გამოსვლაში აქცენტი მომავალ არჩევნებზე გააკეთა: „ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, როგორ გგონიათ, რამდენ პროცენტს მივიღებთ? – ოცდაათ პროცენტსაც ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ალასანიასნაირი და მურმან დუმბაძისნაირი მოღალატეები ბევრია.“

 

 

ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყოფენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კავშირს. „ჩვენ ის მოგვწონს, როგორც პოლიტიკოსი, ამიტომაც მხარს ვუჭერთ მას“, – უთხრა ორგანიზაციის დამფუძნებელმა „ბათუმელებს“.

 

 

აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძვანელმა რამაზ ირემაძემ „მაილოში“ შეკრებილებს უთხრა, რომ ორგანიზაციის დიდი შეხვედრა მოგვიანებით დაგეგმილია თბილისში, სპორტის სასახლეში, „რომელსაც შესაძლოა პრემიერიც დაესწროს“.

 

 

არაოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის ჩამოყალიბების სათავეებთან დგას ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის ძმა. სწორედ ბათუმში ჩამოსულმა ადიკო ივანიშვილმა გაუზიარა 20 ოქტომბერს ბათუმის დელფინარიუმში შეკრებილ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის შექმნის სურვილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: