ნეტგაზეთი • RU

სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოხმაურება მარტოხელა დედას 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველო ქალისა და მისი ოთხი წლის შვილთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. გამოხმაურებას გთავაზობთ უცვლელად:

„ორ წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს გიორგისა და მის დედასთან მუშაობა. ამ ხნის განმავლობაში, მათ ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით: 1 წლის განმავლობაში ირიცხებოდნენ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებაში (ქუთაისი, პროვაიდერი „,სოს“ ბავშვთა სოფელი), სადაც ბავშვი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო მომსახურებით – იმყოფებოდა აღრიცხვაზე ქუთაისის #3 პოლიკლინიკაში, სადაც უტარდებოდა რეგულარული ლაბორატორიული კვლევები, იღებდა ექიმებისგან სხვადასხვა პროფილის მომსახურებას.

თავშესაფარში ყოფნის პერიოდში გიორგის სამჯერ ჩაუტარდა ჰემატოლოგიური კვლევა. ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით მას განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისში“ ჩაუტარდა სპეციალური მასაჟებისა და ვარჯიშების სამთვიანი კურსი, რომლის საფასურიც თავშესაფარმა აანაზღაურა. შემდგომ, გიორგი ჩაერთო ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში და სარგებლობდა სახელმწიფო ვაუჩერით.
ორგანიზაციის შუამდგომლობით მოხდა „მაკლეინის ასოციაციის“ (McLain Associacion For Children) ოკუპაციური თერაპევტის მიერ გიორგის შეფასება და მის მიერ რეკომენდაციების გაცემა გიორგის დედის – მარინე ჭაღალიძის მიმართ.

აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებდა იმ აუცილებელი უნარ – ჩვევების დასწავლას, რომელიც ბავშვის არსებული მდგომარეობის შემსუბუქებასა და მის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ამ ორგანიზაციამ გიორგის გადასცა ეტლი. მარინე ჭაღალიძემ თავშესაფარში ყოფნის პერიოდში შეისწავლა მანიკურ-პედიკურის პროფესია და გადაეცა შესაბამისი სამუშაო ინსტრუმენტები – მოხდა მისი თვითდასაქმება…

გარდა ამისა,  მარინე ჩართული იყო ოჯახის გაძლიერების პროექტის ფსიქოლოგის მიერ ორგანიზებულ მშობელთა კლუბის შეხვედრებში, ესწრებოდა ორგანიზაციის მიერ მოწვეული სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრებს, ჩართული იყო კულტურულ ღონისძიებებში. სარგებლობდა აჭარის ჯანდაცვის ,,ფსიქოსომატური“ პროგრამით ერთი წლის განმავლობაში, ასევე, ჩართული იყო სოფლის ადაპტაციის პროგრამაში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან იღებდა უფასოდ საჭირო მედიკამენტებს, საკვებს.

დედას ჰყავს ძმა და მამა, რომლებიც თანახმა არიან, რომ ბავშვმა დედასთან ერთად იცხოვროს მათთან, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს მარინე. საჭიროა, რომ დაბრუნდეს ოჯახში მამასთან და ძმასთან, ვინაიდან მუდმივად სახელმწიფო ვერ შეინახავს.

ოჯახშიც ბევრი დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ დედა ამ ეტაპზე არ გვთანხმდება და, სავარაუდოდ, ჩაირიცხება ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. ამასთან, დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ აღნიშნული ოჯახი (დედა- შვილი) მიმღებია საარსებო შემწეობის და შშმ ბავშვი ყოველთვიურად იღებს სოციალურ პაკეტს“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com