სიახლეები

ვაქცინა და ხალხური მედიცინა – როგორ ვებრძოლოთ გრიპს

26.10.2014 •
ვაქცინა და ხალხური მედიცინა – როგორ ვებრძოლოთ გრიპს

 

ინფექციონისტ ლალი საღარაძის თქმით, უბრალო გაცივებისგან განსხვავებით გრიპი მაღალი ტემპერატურით ხასიათდება და საშუალოდ 3-5 დღე მიმდინარეობს. „გრიპს ახასიათებს: თავისა და სახსრების ტკივილი, გულის რევა, ცრემლდენა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა”, – ამბობს ის.

 

ლალი საღარაძე ამბობს, რომ გამომწვევი ვირუსის მიხედვით, გრიპის ბევრი სახეობა არსებობს და ისინი კლინიკურადაც განსხვავებულად მიმდინარეობს: „ეს შეიძლება იყოს პარაგრიპი, რომელიც, მართალია, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ საყურადღებოა იმით, რომ ბავშვებში შეიძლება ე.წ. ცუკრუპი განავითაროს. არის ასევე რინოვირუსული ინფექცია, რომელიც მაღალი ცხელებით არ მიმდინარეობს და ახასიათებს რინორეა, ანუ ცხვირიდან გამონადენი. ადენოვირუსულმა ინფექციამ, რომლის დროსაც გამოხატულია კატარალური მოვლენები (ხველა, ცხვირიდან გამონადენი და სხვა), შეიძლება გამოიწვიოს კონიუქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანი გარსის დაზიანება, ასევე შესაძლოა რესპირატორულ გამოვლინებებს თან ახლდეს დიარეაც“.

 

„აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მარო ჩხაიძის თქმით, გრიპის აქტიური სეზონი წლის მეორმოცე კვირიდან იწყება. „ეს პერიოდი 7 ოქტომბრიდან უკვე დადგა და იგი მომავალი წლის მეოცე კვირის ჩათვლით გაგრძელდება“. მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პირველადი შედეგებით გრიპის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ აღინიშნება, თუმცა დაავადების პიკს მომავალი წლის თებერვალ-მარტში ელოდებიან.

 

გრიპის პროფილაქტიკური ღონისძეებებიდან ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის ვაქცინაა. გრიპის ვაქცინაციის დროს ორგანიზმში გრიპის ვირუსის ცილები ხვდება, რის შედეგადაც ორგანიზმში სპეციფიკური ანტისხეულები გამომუშავდება. ლალი საღარაძის თქმით, ვაქცინის გაკეთება სწორედ ახლა – სექტემბრის ბოლოსა და ოქტომრბის დასაწყისშია რეკომენდებული, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება. როცა ანტისხეულების ტიტრი სისხლში მაღალია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს აქვს იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ. „გრიპის ვაქცინის გაკეთება აუცილებელიც კია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და ხშირად მოავადე ადამიანებისთვის. ვაქცინის გაკეთების შემდეგ, შეიძლება მაინც დაავადდეს ადამიანი გრიპით, მაგრამ მისი კლინიკური მიმდინარეობა გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აუცრელი ადამიანის“, – ამბობს ლალი საღარაძე.

 

ვაქცინის გასაკეთებლად უბნის ექიმს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოთ. გარდა ამისა, სეზონური გრიპის ვაქცინები აფთიაქებშიც იყიდება. ლალი საღარაძის თქმით, ეს ფრანგული წარმოების ვაქცინებია და მათ ალერგიული რეაქციები არ ახასიათებთ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საშუალო ფასი 90 ლარია.

 

იმ შემთხვევაში, თუ გრიპი მძიმედ მიმდინარეობს, ექიმი კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს ანტივირუსულ პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებს. ლალი საღარაძის თქმით, ხშირად იმის შიშით, რომ გრიპი არ გართულდეს, ადამიანები გრიპის პირველი დღეებიდანვე იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო ხშირად სწორედ ამ პაციენტებს ურთულდებათ დაავადება.

 

გრიპის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლისთვის ზოგიერთი ხალხური მეთოდიც ეფექტურია. ინფექციონისტის თქმით, ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ პროფილაქტიკა ჩაუტარონ გრიპის ვირუსებს. „ასევე ეფექტურია ხილისა და განსაკუთრებით კი ციტრუსის, დიდი რაოდენობით მიღება, რადგანაც იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგი საშუალებაა ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, ეს მეთოდები სრულიად გამართლებულია“,- ამბობს ლალი საღარაძე.

 

ექიმის რეკომენდაცია: „უმჯობესია გრიპის მკურნალობისას სახლში დარჩეთ. ოთახი, სადაც გრიპიანი პაციენტი წევს, ხშირად უნდა განიავდეს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ხილი, ცილოვანი საკვები ვიტამინები და სიმპტომური საშუალებები, მაგალითად, სიცხის დამწევები – მაღალი ტემპერატურისას (მაღალ ტემპერატურად მიიჩნევა 38-ზე მაღლა, ზოგი 37.5-ს დროსაც იღებს სიცხის დამწევს. ასეთი გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ მაშინ დავუშვათ, თუ პაციენტი ბავშვია და მას ტემპერტაურაზე კრუნჩხვითი რეაქცია აქვს), ცხვირში ჩასაწვთებელი საშუალებები – ცხვირიდან გამონადენის დროს, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები იმის მიხედვით, თუ როგორ ახველებს პაციენტს“.

 

გრიპის კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში ადამიანი უნდა მოერიდოს როგორც სამსახურში სიარულს, ისე ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს, რათა თავად არ გახდეს ინფექციის წყარო და სახლში თუ ქუჩაში აუცილებლად ატაროს ნიღაბი. გარდა ამისა, „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინის გარდა პრევენციისთვის აუცილებელია ისეთი მარტივი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ხელების ხშირად დაბანა და საცხოვრებელი ადგილებისა თუ სათავსოების ხშირი განიავება.

 

 

გადაბეჭდვის წესი