დღეს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ, სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი სტუდენტებზე ზეწოლას აპროტესტებენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი აპროტესტებენ სტუდენტებზე ზეწოლას და სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინტერესების დაცვას, სტუდენტების ინტერესების ხარჯზე.
„გვინდა თსუ-ს სტუდენტებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გამო, რომელიც მათი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შენდება. ეს პროექტი ხელს უშლის საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას. მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად მიიჩნიოს განათლება და არა კერძო ინტერესები. ამის გამო, თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტზეც განხორციელდა ზეწოლაც, მას უთხრეს რომ თუ ამ მშენებლობას კიდევ გააპროტესტებდა, საქმე ცუდად წაუვიდოდა. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ობიექტურად გამოძიებას და სტუდენტების მისამართით დაშინების პოლიტიკის შეწყვეტას“-აცხადებს „ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დიანა ბაუჟაძე.
სტუდენტების განცხადებით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი სტუდენტის უსაფრთხოების:
„ძალოვანი სამსახურების მხრიდან უნდა შეწყდეს ზეწოლა და სტუდენტური აზრის გამოხატვის შეზღუდვა. ამას ვაპროტესტებთ და და ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების პროტესტს“-ამბობს სტუდენტი, ზურა მელიქაძე.