სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობა „საკუთარ სუფრაზე“ – გამოფენა

15.10.2014 • 1322
ქალთა მიმართ ძალადობა „საკუთარ სუფრაზე“ – გამოფენა

 

გამოფენა საკუთარი სუფრა /24 ივნისი, თბილისი
გამოფენა საკუთარი სუფრა /24 ივნისი, თბილისი

„გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც მოისმენთ იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენი სურვილია, მათი გამოცდილება პრობლემის ახლებურად გააზრების, კვლევისა და განსჯის საგნად იქცეს. 

ტრადიციული ქართული სუფრით შთაგონებულებს, გვსურს მეტაფორულ მაგიდაზე მოვათავსოთ ის, რაც იქ არასოდეს გვხვდება – გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. თუმცა ჩვენთვის სუფრა მხოლოდ მკაცრი ტრადიციებისა და აკრძალვების ადგილი არ არის – ეს გახლავთ იმპროვიზებული პერფორმანსი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ღრმა პიროვნული გრძნობები, იყოს კრეატიული, მხიარული და იმედიანი. სუფრის ნორმატიული და ამავე დროს, შემოქმედებითი ბუნება გვაძლევს საშუალებას უხილავი თვალსაჩინოდ ვაქციოთ და უკეთ დავინახოთ ჩვენი როლი მსხვერპლ ქალთა მძიმე ხვედრის მიჩუმათების პროცესში“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

“საკუთარი სუფრა” მხატვარ თამუნა ჭაბაშვილის (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკის (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალის ხმა?“ – მუშაობის შედეგია.  ასევე, გამოფენა უმასპინძლებს ელიზა პროშჩუკის (პოლონეთი) ხმოვან ინსტალაციას.

შემოთავაზებული ინსტალაციები და ვიდეომასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. გარდა ამისა, თვითდახმარების ჯგუფის, „გესმით ქალის ხმა?“ წევრთა ინიციატვით, წარმოდგენილი იქნება მათი ხელით შექმნილი, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ნივთები და მათ მიერ დაწერილი ზღაპრები.

 

გამოფენის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ბექა წიქარიშვილის და ვატო ჯორკოშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “ობიექტი 8”; (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC). ფილმში განხილულია უსახლკარო ქალების პრობლემა საქართველოში.   

პროექტის ინიციატორები არიან თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი.
სუფრის ინსტალაციის ავტორი: თამარ ჭაბაშვილი
ვიდეოინსტალაციის ავტორი: აგნეშკა დუდრაკი
ხმოვანი ინსტალაციის ავტორები: აგნეშკა დუდრაკი, ელიზა პროშჩუკი.

პროექტი განხორციელდა მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 18 ოქტომბერი, 17:00
დოკუმეტური ფილმი ჩვენება “ობიექტი 8“ : 18 ოქტომბერი 18:00

თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიასN1/5, ბათუმი, საქართველო

გამოფენა გასტანს 18 ოქტომბრიდან – 30 ოქტომბრამდე.

გადაბეჭდვის წესი