Batumelebi | 2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს 2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს – Batumelebi
RU | GE  

2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს

 

გურამ ცეცხლაძე, რომელიც 2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დააპატიმრეს გუშინ გვიან საღამოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

თხევადი ჰეროინი

მისი ადვოკატის, ემზრ პაქსაძის ინფორმაციით პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან  წინასწარ გამოძებაში მოპოვებული მტკიცებულებებით პირის ბრალეულობა არ მტკიცდებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გურამ ცეცხლაძეს  სამუდამო პატიმრობა ელოდა. 

 

რა ეტაპზეა რეკორდული თხევადი ჰეროინის საქმის გამოძიება, როდის გადასცემს პროკურატურა საქმეს სასამართლოს და რა იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც გურამ ცეცხლაძეს ბრალი მოუხსნეს “ბათუმელები” ამ კითხვებზე პასუხის მიღებას პროკურატურისგან  ამ წუთებშიც ელოდება. 

 

 გამოძიების ინფორმაციით, ჰეროინი საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოიტანეს. საჭესთან ევგენი გორგაძე იჯდა. (გორგაძე ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება)გვერდით კი შეზიფ შემიზოხლუ, რომელიც ახლა დაკავებულია, ის ქართველ მძღოლთან ერთად ტვირთს დაყვებოდა. ამ ორ პირთაბ ერთად დააკავეს გურამ ცეცხლაძეც, ესეც მძღოლია, ოღონდ იმ მანქანის, რომლითაც საქართველოდან ტვირთის გატანა იგეგმებოდა. მანქანა, რომელიც მას უნდა ემართა, უკრაინელების მიერ დაფუძნებული ქართული გადამზიდავი კომპანიის საკუთრებაა.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქეთის მოქალაქე, რომელიც ახლა ძებნილია, იცნობდა ევგენი გორგაძეს, ბრალდებულს, რომელიც აჭარაში ცხოვრობს და თურქეთის მოქალაქესთან მძღოლად მუშაობდა. გორგაძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მან მსგავსი ტვირთი ოთხჯერ გაიტანა საქართველოდან. მისივე მტკიცებით, გზაში ბაირამ ჩოშგუნი არ დაყვებოდა, თუმცა ის ყველა იმ ქალაქში ჩადიოდა ვერტმფრენით, სადაც ტვირთი მიჰქონდათ. მძღოლის ინფორმაციით, ამაში მას საეჭვო არაფერი მოჩვენებია, რადგან ეგონა, რომ ასე მეპატრონე ტვირთს აკონტროლებდა.

 

 

მისივე ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც იმავე გზაზე ტვირთი ოთხჯერ გაიტანეს, ქართული ნომრებით იყო და ერევანში გაფუჭდა, ამიტომაც მოუწიათ სხვა მანქანის დაქირავება. გაქცეულ ბრალდებულს მეორე მანქანაც ჰქონდა, ბათუმამდე ტვირთი სწორედ ამ მანქანით ჩამოიტანეს.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ამოღებულ 30-კილოგრამიან 93 კასრში მოთავსებული სითხის 80% სუფთა ჰეროინი იყო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა