სიახლეები

მურმან დუმბაძე: მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ

06.10.2014 • 1519
მურმან დუმბაძე: მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ






ბატონო მურმან, რატომ გაუქმდა ეს რეისი?

 

 2014 წლის მაისში ჩემთან საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის სპეციალისტები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჰქონდათ ბათუმი-თბილისის ღამის მატარებლის რეისი გაუქმების შესახებ ინფორმაცია. მე დავაზუსტე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელობას ბათუმის მაჟორიტარის ბიუროდან წერილი გავუგზავნე. გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს რკინიგზიდან მთხოვეს შეხვედრა. როცა ჩამოვიდნენ ბათუმში, შემომთავაზეს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრა. მგზავრთა გადაყვანიდან ორი ადამიანი – მათ შორის მგზავრთა გადაყვანის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა ყიფიანი იყო.

 

მე ვთხოვე არ მიეღო საქართველოს რკინიგზას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა არჩილ ხაბაძეს. მან, სამწუხაროდ, ვერ თქვა ეს გადამწყვეტი სიტყვა. პირველ პოლიტიკურ პირს გადამწყვეტი სიტყვის თქმა, დადასტურებულად განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს.
მათ მოილაპარაკეს, რომ უნდა გაუქმებულიყო, მე კი ამ შეხვედრაზე აღმოვჩნდი, როგორც მესამე პირი.

 

 

მე შევთავაზე, რომ ზაფხულში მაინც არ გაეკეთებინათ ეს, რადგან ტურისტულ სეზონზე მგზავრთა დიდი ნაკადია. იმდენი მოვახერხე, რომ სექტემბრამდე მოვედით.

 

 თქვენ ფიქრობთ, არჩილ ხაბაძეს რომ ეთქვა უარი, „საქართველოს რკინიგზა“ ამას ვერ გააკეთებდა?

 

მე რომ ვყოფილიყავი ხაბაძის ადგილზე, მატარებლის მაგ რეისს ვერ გააუქმებდნენ, გადამწყვეტ ზომებს მივიღებდი… ლიდერი რომ ხარ, რეგიონის სასიკეთოდ ხომ უნდა თქვა რამე, მუდმივი მლიქვნელობა ყველას წინაშე, მუდმივი თავის დახრა არ შეიძლება. ლიდერი ლიდერი უნდა იყოს. ჩემი მიყვანა ხაბაძის კაბინეტში იყო ის, რომ მე აღმოვჩენილიყავი მესამე პირად.

 

 და მაინც, რატომ უნდოდათ ბათუმი-თბილისი ღამის მატარებლის რეისის გაუქმება?

 

ძვირი ჯდება. ვაგონები არ გვაქვს, ზუგდიდში უნდა გადავიტანოთ ვაგონებიო. ღამის მატარებლის ერთ ვაგონში მგზავრობს 36 ადამიანი, დღის მატარებელში – 80 ადამიანი. თეთრეული უნდა, მეტი მომსახურება უნდა… მოკლედ, სიძვირით ახსნეს, მაგრამ ეს არ არის ძლიერი არგუმენტი.

 

გრაფიკთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

 

 მაშინ თქვეს, რომ დღის მატარებელს ღამის მატარებლის გრაფიკზე დასვამდნენ. ავადმყოფია, მოხუცია, ფეხმძიმეა…. თელავიდან თბილისში ღამის მატარებელი არ უნდა, მაგრამ ბათუმი ყველაზე შორი ქალაქია, ამიტომ დანიშნეს კომუნისტების დროს ეს მატარებელი.

 

მატარებლის რეისის გაუქმებით კანონი არ ირღვევა, მაგრამ მე მაქვს ჩემი არგუმენტები, რატომაც არ უნდა გაუქმდეს – იმიტომ, რომ ბათუმი ყველაზე დაშორებული ქალაქია დედაქალაქიდან. იმიტომ, რომ აჭარიდან ჩასული კაცი დაჯდა მატარებელზე, მთელი დღე გაატარა თბილისში, გააკეთა თავისი საქმე, სად წავიდეს მერე, სასტუმროში? – ვერ წავა სასტუმროში. საღამოს დაჯდა მატარებელზე და უკან წამოვიდა. იმიტომ, რომ 60 წლის ისტორია აქვს…

 

პირველი პოლიტიკური პირი არ უნდა იმალებოდეს, როცა ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემა წყდება. მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ.

 

ჩემი აზრით, ეს რეისი უნდა აღადგინონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: