სიახლეები

ავტობანის განახლებული მშენებლობა ბაგრატონის ქუჩაზე

19.09.2014 • 2431
ავტობანის განახლებული მშენებლობა ბაგრატონის ქუჩაზე

 

 

ამჟამად ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქციის სამუშაოები ერისთავის ქუჩაზე (სულაბერიძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), 527-მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ბათუმის მერიასა და მშენებარე კომპანია შპს „გზას” შორის 2013 წლის ბოლოს დადებული შეთანხმების საფუძველზე ბაგრატიონის ქუჩაზე ავტობანის მშენებლობის ვადა  2014 წლის 1-ელ დეკემბრამდე განისაზღვრა. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის, ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლევან აბუთიძე ამბობს, 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე ერისთავის ქუჩის  მშენებლობა უნდა დასრულდეს.

 

„ამ ეტაპზე ძირითადად გრუნტის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, გრუნტი გამოიცვლება დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეზე,“ – ამბობს ლევან აბუთიძე. მისი თქმით, ამ მონაკვეთის გაკეთებისათვის ხუთი მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 

ბათუმის მერიასა და ბაგრატიონის ავტობანის მშენებარე კომპანია (შპს) „გზას“ სახელშეკრულებო დოკუმენტების მიხედვით მშენებლობის დასრულების ვადები გარკვეული მიზეზების გამო რამდენჯერმე გაგრძელდა. ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან შეთანხმების გაჭიანურება იყო, რადგან გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც ავტობანი უნდა გაკეთდეს, კერძო სახლებია განთავსებული და მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ეტაპზე ერისთავის ქუჩაზე (სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე) მიწები ათვისებულია, თუმცა მომდევნო ეტაპის განხორციელების დროს (შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე)  შესაძლოა რამდენიმე ოჯახს მოუწიოს საკუთარი სახლის კომპენსაციის სანაცვლოდ დათმობა, რადგან, როგორც ლევან აბუთიძე განმარტავს, მშენებლობის პარალელურად ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების პროექტში ცვლილებები შედის: „გზის პროფილი უნდა გადაიწიოს მარცხენა მხარეს და ცოტა უნდა გაფართოვდეს, სადაც მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთების ნაწილი იქნება ათვისებული.“

 

კერძო მიწების ათვისებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური მუშაობს და ის აწარმოებს მოსახლეობასთან კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებებს.

 

„როცა გზის მშენებლობის საბოლოო პროექტი გვექნება ხელთ, პროექტის მონახაზს შევადარებთ საჯარო რეესტრის ბაზასთან, რითაც დადგინდება, ვის, რა საკუთრებას ვეხებით, მოხდება ამ ქონების შეფასება აუდიტის მიერ და დაიწყება კონკრეტული ქმედებები და ურთიერთშეთანხმების გზით კომპენსაციის გაცემა,“ – ამბობს ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე.

 

რატომ არ დაიწყო მოსახლეობასთან მოლაპარეკებები მშენებლობის დაწყებამდე და რატომ მიმდინარეობს კომპენსაციებზე შეთანხმება გზის მშენებლობის პარალელურად? გოგა ლომაძის განმარტებით ამის მიზეზი მშენებლობის მასშტაბურობაა.

 

„პირველი ეტაპი იყო აღმაშენებლიდან აეროპორტამდე მონაკვეთის გაკეთება. იქაც კერძო საკუთრება იყო. შემდეგ ავტობანი ქალაქის მეორე ნაწილისკენ გაგრძელდა და კომპენსაციის სანაცვლოდ ბევრი  საცხოვრებელი სახლი მოხდა აღებაში. პროექტი მასშტაბურია და ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა მოსახლეობის საკუთრების ათვისება,“ – ამბობს გოგა ლომაძე.

 

 

თუ რამდენ ოჯახს გადაუხდიან კომპენსაციას შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე, 988- მეტრიან მონაკვეთზე, ამის ზუსტი მონაცემი ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს არ აქვს.

 

„დაველოდოთ პროექტში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაწილს მოიცავს გზა და რამდენ ოჯახს შეეხება. ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ მოხდეს მათთან შეთანხმება,“ – ამბობს გოგა ლომაძე.

 

ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ კი შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ეკონომიკის სამსახური კანონით მინიჭებულ უფლებას – ექსპროპრიაციას მიმართავს, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის საფუძველზე მოსახლეობას ნებაყოფლობის გარეშე მოუწევს გარკვეული კომპენსაციის ხარჯზე ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა.

 

ავტობანის მშენებლობისთვის, გარდა კერძო საკუთრებისა, დაინგრევა ერისთავის ქუჩაზე მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტი და იგი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. სატრანსფორმატორო პუნქტის დემონტაჟი-მონტაჟი შპს „უნივერსალი 2010“ – მა 375 000 ლარად, 90 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს. კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის 29 ივლისს გაფორმდა. ლევან აბუთიძის განმარტებით, მოიშლება ძველი ელექტროძაბვის საჰაერო ხაზები და მიწის ქვეშ განლაგდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი