ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გიორგი აბაშიძე პროცესს არ ესწრება, ადვოკატის განცხადებით, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვში წავიდა.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე 12 სექტემბერს ბათუმში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დააკავეს და შემოწმებაზე გადაიყვანეს. მას შემოწმებისას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება, მედატონი აღმოაჩნდა.
გიორგი აბაშიძის ადვოკატი რამინ პაპიძე ახლა სასამართლოში ირწმუნება, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ის მედიკამენტები შეიცავს, რომელსაც გიორგი აბაშიძე მკურნალობის მიზნით იღებს. მისი განმარტებით, მედიკამენტები ექიმის მიერაა დანიშნული.
დღეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინეს სასამართლოს, რომელიც პაპიძის თქმით, აბაშიძემ მოსკოვიდან გამოაგზავნა.
ადვოკატის მტკიცებით, გიორგი აბაშიძე საქართველოში 27 აგვისტოს შემოვიდა, საქართველო კი 12 სექტემბერს დატოვა. მისი თქმით, აბაშიძეს მეტადონი საქართველოში შემოსვლამდე ჰქონდა მიღებული.
სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ დაკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ მედატონი ადამიანის ორგანიზმში 7-დან 10 დღემდე რჩება.
ექსპერტის თქმით, გიორგი აბაშიძეს ლაბორატორიული კვლევის დროს მეტადონისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერების პირველად მოხმარება 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
პოლიციელის განმარტებით, რომელმაც გიორგი აბაშიძის დაკავების ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა, სასამართლოზე თქვა რომ აბაშიძე ბათუმში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრეს და ნარკოლოგიური შემოწმების შემედეგ ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.